პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარლამენტის წევრმა გუგული მაღრაძემ საქართველოს ბიზნესის ასოციაციის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო წინადადებაზე ისაუბრა, რომელიც „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანას ითვალისწინებს.
დეპუტატის განცხადებით, „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი იმ კანონთა კატეგორიას განეკუთვნება, რომლითაც როგორც საკანონმდებლო ორგანო, ასევე საზოგადოება ამაყობს და შესაბამისად, პარლამენტი არ დაუშვებს, რომ მისი შესუსტება და მოქმედი რეგულაციების გადახედვა მოხდეს.
„პარლამენტის მიერ „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ მიღებული კანონით, თამბაქოს მოწევის წინააღმდეგ, საქართველოში ძალიან კარგი რეგულაცია დაწესდა, რომელმაც ბევრი ადამიანის ჯანმრთელობის შენარჩუნებას შეუწყო ხელი. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ არსებობს თამბაქოს ინდუსტრია, რომელიც მთელ მსოფლიოში ძალიან ძლიერია, საქართველოშიც საკმაოდ კარგად არიან წარმოდგენილები და მათი მცდელობა ყოველთვის იყო, არის და იქნება, შეიტანონ ისეთი შესწორებები, რომ თავისთვის რაღაც პრივილეგიები მიიღონ და შეასუსტონ კანონის მოქმედება. ასეთი ტიპის ერთ-ერთი საკანონმდებლო ინიციატივა შემოტანილია საქართველოს ბიზნესის ასოციაციის მიერ, რომელიც ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში უნდა განიხილონ და იმედი მაქვს ჩემი კოლეგების, რომ ამ კომიტეტს არ გასცდება ინიციატივის განხილვა. საკითხი შეეხება იმას, რომ თამბაქოს ახალი ნაწარმის - გასახურებელი თამბაქოს მიმართ არ განხორციელდეს უკვე არსებული შეზღუდვები“, - განაცხადა გუგული მაღრაძემ.