სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებულმა საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრმა, სამშენებლო სექტორში დავების მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და მის გადაჭრის გზებზე, სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად დისკუსიის ფორმატში იმსჯელეს. ღონისძიება სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა გიორგი პერტაიამ გახსნა.
შეხვედრა გაერო-ს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ევროკავშირის მხარდაჭერით ჩატარდა.
„სამშენებლო სფერო ერთ-ერთ მნიშვნელოვან სექტორს წარმოადგენს, რომელიც განსაკუთრებული მიდგომით გამოირჩევა. გამომდინარე აქედან, ამ სფეროში წარმოშობილ დავებს გარკვეული სპეციფიკურობა ახასიათებთ, როგორც შინაარსის, წამოჭრილი პრობლემატიკისა და გამოწვევების, ასევე მისი გადაჭრის კუთხით. საკითხთა აქტუალურობაზე მეტყველებს დიდი დაინტერესება და სამშენებლო სფეროს წარმომადგენელთა აქტიურობა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, გავიგოთ, თუ რა პრობლემებია დღეს ამ სფეროში. სწორედ ასეთი ფორმატის შეხვედრები იძლევა შესაძლებლობას გამოიკვეთოს აქტუალური საკითხები და მოიძებნოს ერთობლივი გზები მის გადასაჭრელად. სავაჭრო-სამრეწველო პალატა გამოიყენებს ყველა თავის შესაძლებლობას, რათა ქვეყანაში სამშენებლო სექტორი სწრაფად განვითარდეს“, - განაცხადა გიორგი პერტაიამ.
შეხვედრისას განიხილეს დავების სპეციფიკა სამშენებლო სფეროში, მისი პრევენცია და მიდგომები. ასევე, ყურადღება გამახვილდა დავების გადაწყვეტის მექანიზმებზე.
სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლები გაეცნენ საკითხებს როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორის პრაქტიკიდან.