თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომაზე „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის და მემორიალური დაფის განთავსების წესი“ განიხილეს, რომელიც კონცეპტუალური ხელოვნებისა და თანამედროვე ინსტალაციების განთავსების პროცედურებს ახლებურად აწესრიგებს.
ახალი წესი პირველად განსაზღვრავს კრიტერიუმებს, რომლითაც თბილისის მერიის მიზანშეწონილობის კომისია იხელმძღვანელებს.
ტერმინოლოგიური ცვლილების ინიციატორია თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისია, რომელმაც 2019 წელს საქართველოს პარლამენტს მიმართა „კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში განსახორციელებელ ცვლილებაზე. ტერმინი „მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლი (ქანდაკება)“ შეიცვალა უფრო ფართო გაგებით — „არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციით“. ტერმინმა მოიცვა ხელოვნების ყველა დარგი, მათ შორის, კონცეპტუალური ხელოვნება და თანამედროვე ინსტალაციები.
აღნიშნული ცნება მიღებულია დარგის ექსპერტების, არქიტექტორებისა და ხელოვანების მიერ და ამ ცვლილების მისაღებად, თბილისის საკრებულოში საჯარო განხილვები ინტენსიურად მიმდინარეობდა.
განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის თამარ ტალიაშვილის განცხადებით, მოქმედი დადგენილების ხუთწლიანმა პრაქტიკამ გამოავლინა რიგი პროცედურული საკითხები და კრიტერიუმები, რომელიც გაუმჯობესებასა და დახვეწას საჭიროებდა, შესაბამისად, მეორე მიზეზი ახალი დადგენილების პროექტის მიღებისა, სწორედ პრაქტიკაში გამოვლენილი საკითხების საკანონმდებლო ასახვაა.