logo_geo
eng_logo
რატი იონათამიშვილი: „ნაცმოძრაობის“ მხრიდან ბიუჯეტის 48 მილიონი ლარის გაფლანგვაზე აუცილებლად უნდა დადგეს პოლიტიკური პასუხისმგებლობაც
- +

18 თებერვალი. 2020. 15:55

 

 

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რატი იონათამიშვილის განცხადებით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოპარულ და გაფლანგულ 48 მილიონ ლარზე მთავარი ვალდებულება აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“, რომელმაც საზოგადოებას, ჩვენს სახელმწიფოს მოპარა ეს ფული და საკუთარი პარტიული თუ პირადი კეთილდღეობისთვის გამოიყენა  თუ დახარჯა.

 

„ჩვენ ვხედავთ, რომ ეს საკითხი დღეს ყველაზე აქტიური თემაა დღის წესრიგში, ოღონდ კონკრეტული პიროვნების დაკავების ნაწილში. არავინ არ ვსაუბრობთ იმაზე, რაც უკვე სასამართლომ, სამი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა და დაადგინა ის, რომ 48 მლნ ლარი გაიფლანგა პარტიული ინტერესებისათვის, სად წავიდა ეს თანხა და რას მოხმარდა?“ - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

 

მისი ინფორმაციით, გუშინ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც გენერალური პროკურორობის კანდიდატს უსმენდნენ,  გახმოვანდა, რომ აქედან 14 მლნ ლარი დაიხარჯა პარტაქტივზე და ამ პარტაქტივიდანაც უმრავლესობა როგორც ფიზიკური პირი, ფაქტობრივად, ალბათ არც არსებობდა, ხოლო 34 მლნ ლარი პარტიის პოლიტიკურმა ლიდერებმა პირდაპირ ანგარიშიდან გაიტაცეს - აიღეს და გაინაწილეს.

 

„ჩემი მთავარი კითხვა იყო - არსებობს  თუ არა ბერკეტები იმისთვის, რომ ეს თანხა დაუბრუნდეს სახელმწიფოს. აქვე საზოგადოებას მსურს შევახსენო, რომ ეს არის 2012 წელი, ჩემი პირადი გამოცდილებიდან მახსოვს, ამისი კადრებიც არსებობს, როგორ ვთხოვდით მაშინ ჯანდაცვის სამინისტროს, რომ თუნდაც ერთი, მნიშვნელოვანი პროგრამა - სოციალური რეაბილიტაციის და ბავშვზე ზრუნვის პროგრამა, რომლის ბიუჯეტი იყო 13,5 მლნ  ლარი, გაზრდილიყო და აღარ ყოფილიყო 1200 ბავშვი რეაბილიტაციის გარეშე, მაგრამ ამაზე იყო მკაცრი უარი, არც გვისმენდნენ ამ ჩვენს მოთხოვნაზე. ამ დროს თბილისის მერიაში, ეს დამნაშავეები ამუშავებდნენ კორუფციულ სქემებს, როგორ მოეტაცათ სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხა და გამოეყენებინათ თავიანთი ინტერესებისთვის“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა. მისი თქმით,  ამ პროგრამის ბიუჯეტი უკვე 38 მლნ ლარია, მაგრამ ესეც კი არ არის საკმარისი, ამიტომ, ესენი „ვალდებული არიან, რომ დააბრუნონ ეს თანხა, სხვა შემთხვევაში მათ არაა აქვთ უფლება არც მორალური, არც პოლიტიკური, რომ ისაუბრონ ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღეზე, ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობაზე, რადგანაც ყველა ასეთი განცხადება იქნება ფარსი და ფარისევლობა“.

 

რატი იონათამიშვილის განცხადებით, ფაქტი სახეზეა,  რომელიც იცის მთლიანად ჩვენმა საზოგადოებამ და ამიტომ, ისინი ვალდებული არიან „ან დააბრუნონ ეს თანხა სახელმწიფო ბიუჯეტში, ან მათ დარჩებათ სახელი,  რომელიც არის ქურდის, მომპარავის და საკუთარი ინტერესების გამტარებელის მხოლოდ“.  მისივე თქმით, მსგავსი სახის  დანაშაულზე არ არის საკმარისი მხოლოდ სამართლებრივი პასუხისმგებლობა, აუცილებლად უნდა დადგეს პოლიტიკური პასუხისმგებლობაც.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner