„დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე საქართველოს პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება.
მისი თქმით, ოპოზიციამ არ იცის გამოხატვის თავისუფლებისა და სიტყვის თავისუფლების მნიშვნელობა.
„საქართველოს პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს ახსნა არ აქვს, ოპოზიციის დესტრუქციული ქმედება სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. ზოგადად, ქართველებს გვაქვს ერთი დიდი პრობლემა, ხშირ შემთხვევაში ტერმინებს/სიტყვებს ისე ვიყენებთ, რომ მათი მნიშვნელობა არ ვიცით, როგორც ჩანს, არც ოპოზიციამ იცის გამოხატვის თავისუფლებისა და სიტყვის თავისუფლების მნიშვნელობა.
ცხოველი თავისუფალია თავის ქცევაში, მაგრამ ადამიანს აქვს გონება და მორალი, რომელიც მის თავისუფლებას რაციონალურს ხდის. ოპოზიცია კი, სამწუხაროდ, იქცევა ისე, როგორც ცხოველი და თავის ყოველ ქმედებას გამოხატვის თავისუფლებას არქმევს.
ახლო წარსულში, პარლამენტში რამდენიმე ადამიანი მოწამლეს, მათთვის ეს გამოხატვის თავისუფლება იყო, ჩემთვის კი - სამარცხვინო საქციელი. დღეს ოპოზიციამ პარლამენტში საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჩართო, საინტერესოა, ვის ჩაურთეს ჰიმნი? პოლიციელს, რომელიც სამსახურებრივი მოვალეობის დროს სიკვდილისთვის გაიმეტეს და რომელიც იმაზე დიდი პატრიოტია, ვიდრე ყველა ოპოზიციონერი ერთად აღებული? თუ ექიმს, რომელმაც უდიდესი პროფესიონალიზმი გამოავლინა და ურთულეს პირობებში ადამიანისთვის სიცოცხლის შენარჩუნება შეძლო?
ან იქნებ ახალგაზრდა ბიზნესმენს, რომელსაც საქართველოს სახელი მსოფლიოში გააქვს და ქვეყნის განვითარებაზე ფიქრობს? პარლამენტში ასევე არაერთი ღირსეული ადამიანი იყო, მათ შორის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, რომლებსაც ოპოზიციამ აჩვენა, რომ მათ დიალოგის რესურსი არ აქვთ და ფონს გასვლა უნიჭო წარმოდგენით სურთ“, – აცხადებს დავით ჩიხელიძე.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სიტყვით გამოსვლისას, საკანონმდებლო ორგანოში ელენე ხოშტარია და მისი თანამოაზრეები შევიდნენ და საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჩართეს.