logo_geo
eng_logo
ლაშა არქანია: ხელისუფლებავ! დასაჯე ყველა, ვინც მე მაწამა!
- +

18 თებერვალი. 2020. 16:04

 

- 2011 წ.14 ივნისს, ღამის 10 საათზე ჩემს მობილურ ტელეფონზე ზარის ხმა გაისმა – ნაცნობი შეხვედრას მთხოვდა. გამოვედი თუ არა სახლიდან, ნიღბიანები მეცნენ, ხელები გადამიგრიხეს და გამიტაცეს. ჯერ ენგურის პირას მცემდნენ ისე, რომ არ ვიცოდი ვინ იყვნენ, მდინარეში მახრჩობდნენ, მერე განყოფილებაში გადამიყვანეს და არაადამიანური წამებით მაიძულეს, შეთითხნილი ბრალი მეღიარებინა. ამჟამად, ყველა ჯალათი ამოცნობილი მყავს, მაგრამ არავინ დასჯილა. ამ უსამართლობას მამაჩემის სიცოცხლე შეეწირა და მე დასაკარგი აღარაფერი დამრჩა! ამიტომ, თუ უახლოეს მომავალში ხელისუფლება ზომებს არ მიიღებს, იძულებული გავხდები, შური თავად ვიძიო! – ამ სიტყვებით დაიწყო საუბარი ნაწამებმა ლაშა არქანიამ:

 

– როცა მდინარე ენგურთან ჩემს გამტაცებლებს წალენჯიხის პოლიციის უფროსი გოჩა გოგოხიაც შეუერთდა, მაშინღა მივხვდი, რომ პოლიციის უფროსის მოადგილე რუსლან აბულაძე და ჯვარის პოლიციის თანამშრომელი ხატაბერ სამუშაია მაკავებდნენ, ხოლო მეორე თანამშრომელი, აწ გარდაცვლილი სოსო აბაშიძე – ანთებული სიგარეტით მიწვავდა იღლიებს! გოჩა გოგოხიას მივმართე – ესენი ავადმყოფები არიან, ჩემი წამებით სიამოვნებას იღებენ და პოლიციაში გადამიყვანეთ, თუ რაიმე დამიშავებია – იქ მომკითხეთ მეთქი. – აჰა, პოლიციაში ურჩევნია, გადაიყვანეთ განყოფილებაში და სათანადოდ დაამუშავეთო – გასცა განკარგულება. განყოფილებაში მიყვანისთანავე სინათლე ჩააქრეს. ოთახს მხოლოდ მონიტორების მკრთალი შუქი ანათებდა. დაუნდობლად ცემა დამიწყეს. მირტყავდა ყველა ერთად და ცალ-ცალკეც, თითოეულის სახე მახსოვს! განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდა გოჩა გოგოხია, რუსლან აბულაძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის განსაკუთრებულ საქმეთა გამომძიებელი კოხტა კოდუა და მისი თანაშემწე გიორგი სამუშია, გამომძიებელი ილუშა აქუბარდია და რეზო ლაზიშვილი.

 

– რა უნდოდათ, რას გერჩოდნენ?

 

– მოითხოვდნენ, მეღიარებინა გამოგონილ ტერორისტულ აქტებში მონაწილეობა, უნდა დამესახელებინა თანამონაწილეებად პირები, რომელთა ვინაობა მანამდე არც კი მსმენოდა. თუ დავთანხმდებოდი, სასათბურე პირობებში 2 წლით პატიმრობას მაკმარებდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ოჯახის წევრების ამოჟლეტით, მოხუცი დედის გაუპატიურებით და სამუდამო პატიმრობით მემუქრებოდნენ. კოხტა კოდუა დროდადრო ტელეფონით უკავშირდებოდა ვიღაცას და ეუბნებოდა – ჯერ ვერ გავტეხეთ, მაგრამ სად წაგვივაო. ღამის11 საათიდან დილის 6 საათამდე გრძელდებოდა წამება. პერიოდულად, გონებას ვკარგავდი. არაერთხელ დასჭირდათ სასწრაფო დახმარების გამოძახება. ამასობაში, წამების ახალ-ახალ საშუალებებს იყენებდნენ: ორივე ყურზე ერთდროულად, გაშლილ ხელისგულებს მირტყამდნენ, მცემდნენ სათესლე ჯირკვლებზე, ხანაც, უკანა კარიდან გარეთ გავყავდი, შუბლზე იარაღს მადებდნენ და ჩახმახს გამოკრავდნენ – დახვრეტის იმიტაციას მიწყობდნენ. ერთხელ, გონზე მოსულმა აღმოვაჩინე, რომ ბუხარში ვეგდე, ხოლო გოჩა გოგოხია და რუსლან აბულაძე დამყვიროდნენ – აღიარე ტერაქტი, თორემ ცოცხლად დაგწვავთ, შენ თუ არ დაასახელებ, ამ საქმეს მაინც შევკერავთ, სხვები შენ დაგადებენ ხელსო.

 

– მაგრამ, ლაშა… თქვენ ტერორიზმის კი არა, ნარკოტიკის მოხმარების და იარაღის ტარების გამო მოგისაჯეს 13 წელი?

 

– ცხოვრებაში არასოდეს გავკარებივარ ნარკოტიკს!

 

გამთენიისკენ ჯალათები დარწმუნდნენ, რომ მოვკვდებოდი, მაგრამ სამშობლოს მოღალატის სახელით პატიმარი არ გავხდებოდი, ჩემთვის უცნობ ადამიანებს ტერორიზმში არ დავადანაშაულებდი. ამიტომ, ტაქტიკა შეცვალეს – წყალში, რასაც გონზე მოყვანის მიზნით მასმევდნენ, ჰეროინი გაურიეს (ეს ფაქტი მოგვიანებით, მოწმემ დაადასტურა). გონს მოსულს თავს დამადგნენ გოჩა გოგოხია და კოხტა კოდუა, წინ დამიდეს ახალი ლეგენდა, რომელიც ჯალათმა გამომძიებელმა ილუშა აქუბარდიამ შეთხზა – თითქოს, მთაში ნადირობის დროს გამოქვაბულში ვიღაცების მიერ გადამალულ ავტომატს, ვაზნებს, კონსერვის ქილებს და ჰეროინს წავაწყდი. თურმე კონსერვი შევჭამე, ჰეროინი გავიკეთე, ავტომატი გადავიკიდე და პოლიციამ მაშინ დამაკავა, როცა ამ მდგომარეობაში სოფლის შუაგულში, ლამპიონის ქვეშ ვიდექი! – ამას მაინც თუ არ აღიარებ, აუცილებლად გაგაუპატიურებო – მითხრა გოჩა გოგოხიამ, დედა შემაგინა და პრეზერვატივ წამოცმული დუბინკა მოატანინა. მივხვდი – უეჭველად შეასრულებდნენ, მე კი, ნაწამებს, ილაჯი აღარ შემწევდა, ღირსეულად შევკვდომოდი, ამიტომ ცილისმწამებლურ ბრალდებაზე ხელი იმ იმედით მოვაწერე, სასამართლოზე ყველაფერს მოვყვებოდი.

 

- სასამართლოზე რა მოხდა?

 

- წამებით მიცემული ჩვენება მეორე დღესვე უარვყავი და დაწვრილებით მოვუყევი სახალხო დამცველის წარმომადგენელს წამების შესახებ. იმავდროულად, განცხადებით მივმართე სამეგრელოს მაშინდელ პროკურორ როლანდ ახალაიას. ძალოვნები ცდილობდნენ, ჩემს სხეულზე აღმოჩენილი დაზიანებები დაკავებამდე ვითომცდა, ცხენიდან ჩამოვარდნით აეხსნათ. სამ მოწმეს მოტყუებით მოაწერინეს ხელი შეთხზულ ჩვენებაზე. ზუგდიდის რაიონულ სასამართლოზე სამივემ უარყო ჩვენება და მოსამართლეს მოუყვნენ, თუ როგორ აშინებდნენ მათ პოლიციელები ილო აქუბარდია, რუსლან აბულაძე და თორნიკე შელია. როცა წალენჯიხის რაიონულ სასამართლოში აღმკვეთს მიფარდებდნენ, მოსამართლე ლელა ცანავას ჯერ სახის ნაიარევებზე მივუთითე, მერე დარბაზში მოულოდნელად, მაისური გავიძრე და მთელ სხეულზე არსებული საზარელი იარები გამოვაჩინე, მაგრამ არც მოსამართლეს და არც პროკურორ ლევან ფიფიას აინუნშიც არ ჩაუგდიათ! ამის შემდეგ არაერთი მტკიცებულება დაიდო, რომელიც ჩემს მიმართ განუკითხაობას ასახავდა. მათ შორის, ორგანიზაცია „ემპათიას“ 10-კაციანი ჯგუფის 98-გვერდიანი დასკვნა, სადაც სასტიკი წამება იყო დადასტურებული, მაგრამ სააკაშვილის რეჟიმის პიკი იყო და რას გავხდებოდი! არაფერი არ გაითვალისწინა არც ზუგდიდის რაიონულმა, არც ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ, უზენაესმა კი საერთოდ უარი თქვა განხილვაზე. ერთადერთი, დაცვის მხარის შუამდგომლობების დასაკმაყოფილებლად – წამების გამოძიება დაიწყეს, რასაც იძიებდა ბრალმდებელი პროკურორი ლევან ფიფია და მაია ჯაბუა. დავასახელე წამებაში ყველა მონაწილე, მაგრამ სწორედ მაგ პერიოდში სააკაშვილმა ჯალათი გოჩა გოგოხია არქანიების წინააღმდეგ საქმეთა შეთითხნის გამო გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით დააჯილდოვა – აბა, იმას პასუხს ვიღა მოჰკითხავდა!

 

- იმ პერიოდში რამდენიმე არქანია დაიჭირეს, ყველას ტერაქტებში მონაწილეობას ედავებოდნენ. რას ერჩოდა რეჟიმი არქანიებს?

 

- სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი გადაჭარბებით ასრულებდა სააკაშვილის შეკვეთას – მიყოლებით ქმნიდა ლეგენდებს ტერორისტებზე. მათთვის არ ჰქონდა მნიშვნელობა, უდანაშაულო იყო თუ არა პირი, ვისაც ტერორიზმის ბრალდებით უვადოდ ჩასვამდნენ ციხეში, სამაგიეროდ, რეჟიმი ამერიკელი პატრონების წინაშე თავს იწონებდა. რამდენადაც ვიცი, აფხაზეთის ფაქტობრივი ხელისუფლების უშიშროებაში მუშაობდა ეროვნებით აფხაზი, ვინმე თემურ არქანია. რეჟიმმა ეს ფაქტორი გამოიყენა და სამეგრელოში მცხოვრები არქანიებისგან ტერორისტების იმიჯის შექმნას შეუდგა, თითქოს აფხაზი არქანიასგან ვიმართებოდით. ე.წ. კოჭოიას საქმეზე რომ აღარაფერი ვთქვა, ჩემნაირად უდანაშაულო კიდევ ერთი – მალხაზ არქანიაც დაიჭირეს, თავიდან მასაც ტერაქტების აღიარება მოსთხოვეს და საზარელი წამებით შედეგს რომ ვერ მიაღწიეს, მერე ნარკოტიკული დანაშაული შეუთითხნეს! მეც, ბრალად ავტომატის შენახვა-ტარება, ასევე, ჰეროინის მოხმარება წამიყენეს და 2011 წლის 19 აგვისტოს, მარიონეტმა მოსამართლე დავით კეკენაძემ წარბშეუხრელად 13 წლით პატიმრობა მომისაჯა! დაცვის მხარის მიერ მოპოვებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით საერთაშორისო ორგანიზაციებმა პოლიტპატიმრად მაღიარეს.13 წლიანი სასჯელისგან ახალი ხელისუფლების ამნისტიამ მიხსნა, მაგრამ ჯალათებს ახალ ხელისუფლებაშიც გამოუჩნდათ მფარველები: პარლამენტში დასამტკიცებელი პოლიტპატიმრების სიიდან მე და მალხაზ არქანია ამოგვიღეს. თავიდან გვეუბნებოდნენ, მექანიკური შეცდომააო, მოგვიანებით გაირკვა, რომ ამერიკის ელჩის მითითებით გაუკეთებიათ. თურმე, „კოჭოიას“ საქმესთან გვაკავშირებდნენ, რომელშიც ამერიკის საელჩოსთან აფეთქების ეპიზოდი იყო შეთითხნილი, თუმცა გვარის გარდა იმ საქმის ფიგურანტთან არაფერი გვქონდა საერთო. წამების შედეგად დაზარალებულად ცნობის იქით ჩემი საქმე წინ არ წასულა. ამ საქმეს ამჟამადაც, თბილისის პროკურატურა იძიებს.

 

- სად არიან ის ადამიანები, ვინც უღვთოდ გაწამათ?

 

- რეზო ლაზიშვილი სასაზღვრო პოლიციის მაღალჩინოსანია, ილო სონგულია -წალენჯიხის რაიონული პოლიციის თანამშრომელი, ცრუმოწმე თორნიკე შელია -ჩხოროწყუს პოლიციის უფროსის მოადგილედ მუშაობს, ხოლო ცრუმოწმე დავით კვარაცხელია - ზუგდიდის პოლიციის მაღალჩინოსანია. გორგასლის ორდენოსანი, მაშინდელი პოლიციის უფროსი გოჩა გოგოხია ახალი ხელისუფლების პირობებში ერთხანს სასაზღვრო პოლიციაში მუშაობდა, მერე, 2019 წლამდე უმუშევარი იყო. ახლახან, აფხაზეთის პოლიციის დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი (კურატორი დეტექტივების მიმართულებით) დანიშნეს. დღემდე პროკურორად რჩება ლევან ფიფია, რომელმაც მთავარი როლი ითამაშა საქმის გაყალბებაში. გესმით, რა ხდება? ჩემი წამების საქმის გამოძიება დღემდე მიმდინარეობს, არადა, მწამებლები ისევ ძალოვან სტრუქტურებში რჩებიან! რუსლან აბულაძე, რომელიც იღლიებს სიგარეტით მიწვავდა -ამჟამად ბიზნესშია, ხატაბერ სამუშია უმუშევარია. ასევე უმუშევარია ილუშა აქუბარდია, რომელმაც გამოქვაბულში ნაპოვნი იარაღის და ნარკოტიკის ლეგენდა შეთხზა. კოხტა კოდუა ძებნაშია. რაც მთავარია, ჩემს არაადამიანურად წამებაში დამნაშავე არცერთი პირი აქამდე არ დასჯილა, პირიქით, ძალოვნებმა მათი მამხილებლების შევიწროვება იწყეს. წამების შემსწრე პოლიციელებმა თემურ ქარდავამ და ლევან ფიფიამ (ნუ აგერევათ მის მოსახელე და მოგვარე პროკურორში) ობიექტური ჩვენება მისცეს გამოძიებას, რასაც მოყვა სამსახურიდან მათი დათხოვნა და ჯალათების მხრიდან შანტაჟი. თემურ ქარდავა მერეღა აღადგინეს სამსახურში, რაც „ასავალ დასავალის“ საშუალებით გაახმაურა ზემოქმედების შესახებ, ლევან ფიფიამ კი დღემდე ვერ იპოვა სამართალი და უმუშევრად დარჩა!

 

- სამართლიანობის აღდგენის იმედი ისევ გაქვთ?

 

- საჯაროდ მივმართავ ხელისუფლებას – თქვენ ჯალათებს მფარველობთ და უსამართლობას უწყობთ ხელს! არაადამიანებს, რომლებმაც მაწამეს და პრეზერვატივწამოცმული ჯოხით გაუპატიურება დამიპირეს – კანონის ფარგლებში პასუხი არ უგიათ! მათ ნაცვლად, ყმაწვილებს აპატიმრებთ, რომლებმაც ქრისტესმბრძოლ გიორგი გაბუნიას მანქანა გაუკაწრეს. ჰოდა, იცი, რას გეტყვით? ჯალათები თუ არ დაისჯებიან, რომელიმე შემთხვევით სადმე რომ შემეჩეხოს, შუაზე გავგლეჯ! ამაში დამნაშავე მე კი არა, უსამართლო სახელმწიფო იქნება! ხელისუფლებავ! დასაჯე ყველა, ვინც მე მაწამა! ან ხალხი შენ დაგსჯის არჩევნებზე!

 

ესაუბრა: ზაზა დავითაია

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner