საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ, თანამდებობაზე დამტკიცების შემდეგ, ჟურნალისტებთან პირველი კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, საზოგადოებამ კარგად დაინახა, თუ რაოდენ გამჭვირვალედ წარიმართა კონკურსი.
შოთაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას ის პრიორიტეტებიც დაასახელა, რომელზეც მომავალი წლების განმავლობაში იმუშავებს.
„უპირველეს ყოვლისა, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პარლამენტსა და საპროკურორო საბჭოს მხარდაჭერისთვის. მადლობა ჟურნალისტებს ამ პროცესში ასე აქტიური მონაწილეობისთვის იმიტომ, რომ მასმედიის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია, რათა საზოგადოებამ დაინახოს ის პროცესი, თუ როგორ მიმდინარეობს ყველაფერი და ვფიქრობ, საზოგადოებამ კარგად დაინახა, რაოდენ გამჭვირვალედ წარიმართა ეს კონკურსი. ორი თვის განმავლობაში გრძელდებოდა, ორი გასაუბრება გაიმართა და მე გავეცი ყველა კითხვას პასუხი. წარვადგინე ჩემი პროგრამა, ხედვა პროკურატურის განვითარების და გაძლიერების მიმართულებით. შესაბამისად, მე რაც ვისაუბრე ამ გასაუბრების ეტაპზე, იქნება ის ძირითადი პრიორიტეტები, რა მიმართულებითაც აქტიურტად ვაპირებ მუშაობას. ეს იქნება პროკურატურის გაძლიერება, საზოგადოებრივი ნდობის ამაღლება, სამართლიანობის აღდგენა, სისხლისსამართლებრივი დევნისა და საპროკურორო ზედამხედველობის გაძლიერება და ა.შ. არის ბევრი გამოწვევა, ბევრი საქმეა გასაკეთებელი“, - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.
შეგახსენებთ, რომ საკანონმდებლო ორგანომ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძე 82 ხმით, არცერთის წინააღმდეგ, დღევანდელ პლენარულ სხდომაზე დაამტკიცა.