დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ, კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გივი ჭიჭინაძემ და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ მერაბ ქვარაიამ, ნიდერლანდების სამეფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საელჩოში, სამუშაო შეხვედრა გამართეს ნიდერლანდებში მოქმედ ქართულ დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან.
შეხვედრაზე განიხილეს ქართული საზოგადოებისათვის საინტერესო სხვადასხვა საკითხი. ყურადღება გამახვილდა სათვისტომოებისა და დიასპორული ორგანიზაციების უკეთ ფუნქციონირებისა და ქართულ სახელმწიფოსთან მათი კონტაქტების გაღრმავების თემაზე, დიასპორასთან თანამშრომლობისა და ურთიერთობების გაძლიერების კუთხით არსებულ თანამედროვე მიდგომებსა და პრაქტიკაზე.
ბექა ოდიშარიამ ნიდერლანდებში მოღვაწე თანამემამულეებს გააცნო ქართული სახელმწიფოს მიდგომა და ხედვები დიასპორებთან ურთიერთობის საკითხზე, არსებული გამოცდილება და დიასპორული პოლიტიკა, საქართველოში მიმდინარე უახლესი პროცესები, სახელმწიფოს მიერ განხორციელებული და დაგეგმილი პროექტები, რაშიც აქტიურად უნდა იყოს ჩართული ქართული დიასპორა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა და განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საზღვარგარეთ ქართულ ემიგრაციასთან მიმართებით გასატარებელ ღონისძიებებს, დაგროვილ პრობლემებს, დიასპორაში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებს. მსჯელობები, ასევე, გაიმართა დიასპორისა და მიგრაციის სხვა მნიშვნელოვან პრობლემატიკაზე, ერთობლივ სამომავლო გეგმებსა და ინიციატივებზე.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნიდერლანდების სამეფოში გიორგი შარვაშიძე და საელჩოს წარმომადგენლები.
დასასრულს შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ მომავალ თანამშრომლობასა და საპარლამენტო კომიტეტთან, სოციალური მედიით, აქტიური კონტაქტების დამყარებაზე.