„ჩვენ გვახსოვს ისეთი გენერალური პროკურორი, რომელიც პრეზიდენტის მითითებით წყვეტდა, ვის რა ბედი ელოდა ხვალ, ვის ბიზნესი უნდა „ახეოდა“, ან ღირსება ვის უნდა შერჩენოდა, ან თავისუფლება და ჯანმრთელობა“, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ირაკლი შოთაძესთან დაკავშირებით ოპონენტების ბრალდებებს გამოეხმაურა.
მისივე თქმით, ეს პერიოდი გვახსოვს და გავიარეთ.
როგორ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი აცხადებს, დღეს საზოგადოებრივი, საერთაშორისო და მედია სივრცე იმდენად კრიტიკულია, რომ მიკერძოებული გადაწყვეტილებების მიღებას ვერც გენერალური პროკურორი შეძლებს და ვერც ვინმე სხვა.
„ნდობა ასე არ არის, პიროვნებას შეხედო და ნდობა ექნება თუ არა. საქმიდან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, პროკურატურა იქნება თავის სიმაღლეზე.
საზოგადოებრივი, საერთაშორისო, მედია სივრცე იმდენად კრიტიკულია, თუნდაც არასამთავრობოები ავიღოთ, რომ ვერც გენერალური პროკურორი და ვერც სხვა ვერავინ გაბედავს, რომ მიკერძოებულად მიიღოს გადაწყვეტილება. თუ არა და, აგერ გამოჩნდება.
მე ასე მგონია, რომ ყველა თემას, თუნდაც კრიტიკული შეკითხვები რომელზეც დაისვა, უახლოეს პერიოდში უნდა გაეცეს პასუხი“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.