„საქართველოს 6 წლის განმავლობაში ეყოლება ღირსეული და ობიექტური გენერალური პროკურორი“, - ასე შეაფასა უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის დამტკიცების ფაქტი.
მდინარაძის განმარტებით, შოთაძე არის პროფესიონალი და ღირსეული ადამიანი, რომელმაც თავის დროზე ეს თავისი ქმედებებით დაამტკიცა.
„ირაკლი არის პროფესიონალი, პირველ რიგში ღირსეული ადამიანი, რომელმაც თავის დროზე თავისი მოქმედებებით დაამტკიცა, როგორც კი კითხვები გაჩნდა ზოგადად პროკურატურასთან დაკავშირებით, კონკრეტული ბრალდების საქმესთან დაკავშირებით, მაშინვე დატოვა თანამდებობა. ეს კიდევ დამატებითი მოტივაციაა ნებისმიერი წევრისათვის უმრავლესობაში, რომ მისთვის დღეს მხარი დაეჭირათ. საქართველოს 6 წლის განმავლობაში ეყოლება ღირსეული და ობიექტური პროკურორი. ეს არის გარანტირებული და რითაც არ უნდა გადავფაროთ, როგორი კითხვის ფორმულირებით, როგორი პოზიციის გახმოვანებით, ეს არის ასე, ეს არის ფაქტი, რომელიც შედგა და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, საქართველოს ეყოლება ღირსეული, ობიექტური და პროფესიონალი პროკურორი მომდევნო 6 წლის განმავლობაში“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.