„როდესაც სააკაშვილმა პოლიტიკური წერა-კითხვის საზოგადოების დაარსება გადაწყვიტა და ბიბლიოთეკაში აპირებს მისი მოღვაწეობის გაგრძელებას, ლიდერობა შალვა ნათელაშვილს გადაულოცა. ეს პოლიტიკური ვალის დაბრუნებაა“, - ამის შესახებ რეჟისორი გოგა ხაინდრავა აცხადებს.
მისი თქმით, წლების წინ, როდესაც ნათელაშვილმა საკრებულოში საკუთარი ადგილი სააკაშვილს დაუთმო და მისი აღზევება აქედან დაიწყო, ძველ პოლიტიკურ ვალს საქართველოს ექს-პრეზიდენტი ახლა უბრუნებს.
„საინტერესო სიახლეა ახალ პოლიტიკურ გუნდში. ეს არის ლიდერის ცვლა. ვფიქრობ, იმ ფონზე, როდესაც სააკაშვილმა პოლიტიკური წერა-კითხვის საზოგადოების დაარსება გადაწყვიტა და ბიბლიოთეკაში აპირებს მისი მოღვაწეობის გაგრძელებას, ლიდერობის გადალოცვა შალვა ნათელაშვილისთვის არის ძალიან მკაფიო და ცალსახა. ვხედავთ, რომ ამ პოლიტიკური გაერთიანების ლიდერი ნათელაშვილია. ეს სიმბოლურიც არის, რადგან თავის დროზე, როდესაც სააკაშვილი საკუთარ პოლიტიკურ კარიერას იწყებდა, ნათელაშვილმა მას ლიდერის ადგილი და ფუნქცია დაუთმო. გახსოვთ, საკრებულოში ნათელაშვილმა გაიმარჯვა და ეს ადგილი სააკაშვილს დაუთმო და მისი პოლიტიკური აღზევება მაშინ დაიწყო. ეტყობა, პოლიტიკური ვალის დაბრუნება განაპირობებს იმას, რომ მათ შორის ურთიერთობები კეთილგანწყობილი და მშვიდი იქნება, რაც ადრე არ შეინიშნებოდა. თუმცა, ბოლო დღეების მოვლენები და ის, რომ „ლეიბორისტული პარტია“ გახდა ცენტრი ახალი პოლიტიკური გაერთიანების ჩამოყალიბების, მეტყველებს, რომ შალვა ამის ლიდერია. აქვს დიდი გამოცდილება და სტაჟი პოლიტიკური მოღვაწეობის.
მის გარშემო გაერთიანებული გუნდი ცნობილი სახეებით არის დაკომპლექტებული. ბურჯანაძე, უსუფაშვილი, ბოკერია, ბაქრაძე, ახალგაზრდა, მაგრამ ჟინით სავსე გიორგი ვაშაძე, ზურაბ ჯაფარიძე, მეტყველებს, რომ „ქართული ოცნებისთვის“ არ იქნება მარტივი ბრძოლა“, - ამბობს ხაინდრავა.