შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სამტრედიის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული გ.ა. სამტრედიაში, ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს სამტრედიის ფილიალის მოქალაქეთა მომსახურების დარბაზში, განქორწინების პროცედურის დაწყებამდე, ცოლს - 1994 წელს დაბადებულ ს.ბ.-ს ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი ქალი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა გ.ა. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს სამტრედიის ფილიალის მოქალაქეთა მომსახურების დარბაზშივე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის
ჩადენის იარაღი - დანა შემთხვევის ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.