პარტია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე აცხადებს, რომ დეპუტატებმა ელენე ხოშტარიამ და ირმა ნადირაშვილმა, რომლებმაც პარლამენტის სასესიო დარბაძში საბჭოთა კავშირის ჰიმნი ააჟღერეს, დეპუტატის მანდატი უნდა დატოვონ.
ჩაკვეტაძის განცხადებით, ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა და ამ მოთხოვნას მალევე თანამოაზრეებიც გამოუჩნდნენ. მისივე თქმით, არაა გამორიცხული, რომ ამ მიმართულებით კონკრეტული აქტივობები დაიგეგმოს.
„ყოვლად წარმოუდგენელია იმ ადამიანების საქციელი, რომლებმაც ისიც კი იკადრეს, რომ ზვიად გამსახურდიას სახელობის დარბაზში ოკუპანტი ქვეყნის ჰიმნი ააჟღერეს. სოციალურ ქსელში უამრავმა ახალგაზრდა მომწერა. მათთვის მიუღებელია ის, რომ საქართველოს პარლამენტში იმ ქვეყნის ჰიმნი ჟღერდეს, რომელსაც შენი ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული“, - აცხადებს გიორგი ჩაკვეტაძე.
ოპოზიციამ არჩილ თალაკვაძეს ყოველწლიური ანგარიშის წარდგენა რამდენიმე წუთით, საბჭოთა კავშირის ჰიმნის გაჟღერებით შეაწყვეტინა.