საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ომარ ნიშნიანიძე ქალაქ ქუთაისისთვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭებას ითხოვს. ამის შესახებ ნიშნიანიძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და აქვე დასძინა, რომ ეს ინიციატივა გუშინ ფრაქცია „ქართული ოცნების" წევრების პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დროს დააყენა.
„გუშინდელ შეხვედრაზე რამდენიმე საკითხზე გამოვთქვით მოსაზრებები. ეს იყო პარტიის მშენებლობასთან დაკავშირებული საკითხები, ასევე მე წამოვწიე წინ ქუთაისის თემა. ქუთაისი უყურადღებოდ დაგვრჩა. პარლამენტის გადატანის თემა მტკივნეულია ქუთაისისთვის. ის პრაქტიკულად უკვე დაბრუნებულია თბილისში და იქ არ არის. ავტობანმა გვერდი აუარა ქალაქს, თავის დროზე რკინიგზამაც არ გაიარა. ასე რომ, ქუთაისი სერიოზული პრობლემის წინაშე დგას. ამიტომ ეს საკითხი მე გავააქტიურე, რადგან მე იქ ვცხოვრობ 33 წელია, სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექციებს ვკითხულობ, გარკვეულწილად მაჟორიტარის ფუნქციებსაც ვასრულებ", - განაცხადა ომარ ნიშნიანიძემ.
მისივე განმარტებით, მას მომზადებული აქვს კანონპროექტი ქუთაისისთვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭების შესახებ.
„კოლეგებს ვთხოვ მხარდაჭერას ჩემს ინიციატივასთან დაკავშირებით. ქუთაისი იმსახურებს მეტ ყურადღებას ცენტრალური ხელისუფლებისაგან. ბევრ ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკური, ისტორიული და სხვა თემების გათვალისწინებით, ზოგიერთ ქალაქს ეძლევა განსაკუთრებული სტატუსი, რომელიც ვფიქრობ, არა მხოლოდ ამ რეგიონის გააქტიურებას, არამედ მეტი რეგიონული ფუნქციების გადანაწილებას შეუწყობს ხელს", - განაცხადა ომარ ნიშნიანიძემ.