დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სამშენებლო კომპანია „სვეტის“ მიერ დაწყებული მშენებლობები, რომელიც კომპანია „M2“-მა გადაიბარა, მარტის დასაწყისიდან გაგრძელდება.
როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, სამ მისამართზე: მირცხულავას, ნუცუბიძისა და ჭყონდიდელის ქუჩებზე სამშენებლო პროექტები უკვე შეთანხმებულია და მომდევნო კვირაში ნებართვებიც გაიცემა.
„იცით, რომ ჩვენ როდესაც უფლებამოსილება მოგვეცა, დავიწყეთ მუშაობა პრობლემაზე, რომელიც „სვეტის“ მიერ დაზარალებულ 2 500 ოჯახს ეხებოდა. მოქალაქეებს ეგონათ, რომ საცხოვრებელი ფართები ჰქონდათ და ერთ დღეს აღმოაჩინეს, რომ ეს ყველაფერი დაკარგულია - არც ფართები არსებობს, არც კომპანიას შეუძლია, რომ მშენებლობა განაგრძოს და შეასრულოს ვალდებულებები, რომელიც ამ ოჯახების წინაშე აიღო. ჩვენი ჩართულობითა და მუშაობით, მოვახერხეთ ის, რომ გამოინახა სამშენებლო კომპანია „M2“, რომელსაც მინდა მადლობა გადავუხადო. გაფორმდა მემორანდუმები. სიახლეა ის, რომ ყველა მისამართზე - მირცხულავას, ნუცუბიძისა და ჭყონდიდელის ქუჩებზე, პროექტები შეთანხმებულია. შესაბამისად, მომდევნო კვირაში უკვე გაიცემა სამშენებლო ნებართვები და პარალელურად, მარტის დასაწყისში, უშუალოდ სამუშაოების წარმოება იქნება შესაძლებელი. ძალიან მიხარია, რომ ამ ადამიანებს ეძლევათ შესაძლებლობა, ის, რაშიც თანხა აქვთ გადახდილი, უკან დაიბრუნონ და საცხოვრებელი ფართები მიიღონ“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
მისივე თქმით, „სვეტის“ მსგავსად, მუნიციპალიტეტი აქტიურად მუშაობს სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტისა“ და „ოლიმპიური ვარსკვლავის“ მიერ დაზარალებული ოჯახების პრობლემის მოგვარებაზე.
„ასევე, ჩვენ გვყავს სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებული ოჯახები. ამ მიმართულებითაც ვმუშაობთ, არ ვჩერდებით. მჯერა, რომ ძალიან მალე ამ პრობლემასაც მოვაგვარებთ და 6 000-ზე მეტ ოჯახს გავაბედნიერებთ. იგივე პრობლემა აქვთ სამშენებლო კომპანია „ოლიმპიური ვარსკვლავის“ მიერ დაზარალებულ ოჯახებსაც. აქაც ანალოგიურად მიმდინარეობს მუშაობა და უახლოეს მომავალში შედეგი მიღწეული იქნება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
ამასთან, თბილისის მერმა მადლობა გადაუხადა სამშენებლო კომპანიების იმ წარმომადგენლებს, რომლებიც დედაქალაქის მასშტაბით, დაუმთავრებელი მშენებლობების გაგრძელების პროცესში არიან ჩართული.
„დედაქალაქში, დაახლოებით, 170-ზე მეტი დაუმთავრებელი შენობა-ნაგებობაა. ჩვენ ყველა მიმართულებით ვმუშაობთ. მინდა, სამშენებლო კომპანიებს მადლობა გადავუხადო. მათი ჩართულობის, მხარდაჭერის გარეშე, შეუძლებელი იქნებოდა იმ პრობლემების მოგვარება, რომელიც უკვე რამდენიმე წელია ქალაქში არსებობს და გარკვეული ოჯახებისთვის სერიოზულ დისკომფორტს წარმოადგენს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.