პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ვანო მერაბიშვილის გათავისუფლების საკითხს ეხმაურება და აცხადებს, რომ სახელმწიფოს ვალდებულებაა, მაღალჩინოსნების მხრიდან ჩადენილ დანაშაულზე რეაგირება მოახდინოს, რადგან ეს მძიმე გაკვეთილია საზოგადოებისა და ქვეყნისათვის.
„ყველაზე მძიმე ჩვენი სახელმწიფოს უახლესი განვითარების პროცესში გახლდათ ის, რომ ხელისუფლებები სჩადიოდნენ დანაშაულს იმის განცდით, რომ ამ დანაშაულებზე მათ პასუხი არ მოეთხოვებოდათ. სამწუხაროდ, ერთგვარი მნიშვნელოვანი გამოვლინება იყო ის, რაც ჩვენ დაგხვდა 2012 წელს, როცა სახეზე გვქონდა ათასობით დანაშაული ჩადენილი ხელისუფლების მაღალი თანამდებობების პირების მხრიდან. პირველ რამდენიმე თვეში ჩვენ 20 ათასამდე საჩივარი მივიღეთ და ამ ფონზე, ცხადია, სახელმწიფოს ვალდებულებაა, ასეთ მძიმე დანაშაულებზე მოახდინოს რეაგირება. ეს იყო ძალიან მძიმე ქვეყნისთვის და ეს არის ერთგვარი მძიმე გაკვეთილი თითოეული ჩვენგანისთვის. სიმართლეს თვალებში ჩახედოს ყველამ. ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის ეს გამომდინარეობს არა პოლიტიკური ინტერესებიდან, არამედ მძიმე დანაშაულებიდან“, - განაცხადა სესიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ვანო მერაბიშვილი საპატიმროს ხვალ, 20 თებერვალს დატოვებს.