„საქართველოს პარლამენტში საბჭოთა კავშირის ჰიმნის გაჟღერება ქართული სახელმწიფოს შეურაცხყოფა და კანონმდებლობის დარღვევაა“, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებაში.
როგორც პრეზიდენტი აღნიშნავს, საკანონმდებლო ორგანოს სხდომათა დარბაზში ჰიმნის გამოყენება მიუღებელია და სახელმწიფო ინსტიტუტის დისკრედიტაცია.
„მოვუწოდებ საქართველოს პარლამენტის ყველა წევრს, პატივი სცეს პარლამენტის მიერვე მიღებულ კანონს - „თავისუფლების ქარტია“, რომლის მიზნებსაც ეწინააღმდეგება გუშინ საკანონმდებლო ორგანოში პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლისას მომხდარი ფაქტი“, - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 18 თებერვალს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის მიერ ყოველწლიური ანგარიშის წარდგენის დროს, „ევროპული საქართველოს“ წევრებმა ირმა ნადირაშვილმა და ელენე ხოშტარიამ სხდომათა დარბაზში საბჭოთა კავშირის ჰიმნი გააჟღერეს.