„დემოკრატიაზე სააკაშვილის ტვინში ფორმულას ვერავინ გამოცვლის“, - ასე ეხმიანება ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ყოფილი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებას მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით.
მისივე შეფასებით, მარგველაშვილს ორიგინალური და განსხვავებული არაფერი უთქვამს და მსგავსი რიტორიკა ჰქონდა პრეზიდენტობის დროსაც.
„წარმატებას ვუსურვებ ნებისმიერ ადამიანს. მათი საქმეა, „ნაცის“ ნარატივში ჩაჯდებიან თუ არა, „ნაციონალური მოძრაობის“ მესენჯერს გაიზიარებენ თუ არა. უბრალოდ, მე მენიშნა მისი განცხადება, რომ დაინტერესდება, დემოკრატიასთან დაკავშირებით რა ხედვები აქვს მიხეილ სააკაშვილს. დემოკრატიაზე სააკაშვილის ტვინში ფორმულას ვერავინ გამოცვლის. ახალ ველოსიპედს თუ ვიგონებთ, რომ სააკაშვილისგან მივიღოთ ახალი პოლიტიკოსი, რომელიც უკვე დემოკრატიულ საწყისებზე მეტყველებს, ეს არ გამოუვა არც მარგველაშვილს და არც სხვას“, - განაცხადა მდინარაძემ.
ცნობისათვის, ექს-პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ის აქტიურ პოლიტიკას უბრუნდება. მისივე თქმით, მზად არის, ესაუბროს ყველა პოლიტიკურ ფიგურას, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილს, თუ მას საქართველოში დემოკრატიის განვითარების ხედვა აქვს.