logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი მედიას: გავაკეთოთ სიუჟეტები გმირებზე, რომლებიც ჩვენს შორის დადიან
- +

13 ივნისი. 2016. 15:04


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მედიას კონკრეტული ადამიანების გმირობის ისტორიებზე სიუჟეტების გაკეთებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო შტაბის სხდომაზე განაცხადა და აქვე დასძინა, რომ ამ დღეებში გმირობის უამრავი ისტორია მოისმინა და წაიკითხა.


„მოვისმინეთ, მაგალითად, როგორ სთავაზობენ ადამიანები საკუთარ ბინებს დაზარალებულებს. ერთ-ერთი მოქალაქე მათ ავეჯის უფასოდ დამზადებას სთავაზობს. მე ვნახე დღეს და ყველამ ნახეთ ალბათ, ყავარჯნებზე დაყრდნობილი ახალგაზრდა როგორ მუშაობს. მე გუშინ მოვისმინე ერთი ისტორია, რომ ერთ-ერთი პიცერიის მეპატრონე ღამის საათებში 20 პიცით მივიდა ადგილზე. ეს ისტორიები არის უპრეცედენტო, უნიკალური და ამას სჭირდება სააშკარაოზე გამოტანა.

 

ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ ერთმანეთს, რომ ვართ მართლაც ერთმანეთის გვერდში მდგომი და გაუტეხელი ხალხი. ასეთი იდეა გაჩნდა და მე მინდა მივმართო მედიას, ტელევიზიებს, რომ ასეთ ისტორიებზე გავაკეთოთ სიუჟეტები, რათა მოსახლეობას კიდევ ერთხელ ვუთხრათ, თუ როგორი გმირები გვყავს ჩვენს შორის. ან თუნდაც დაიბეჭდოს, გამოიცეს მათი ისტორიები, მათი გმირობის მაგალითები, რომ ჩვენს მომავალ თაობებს შემოვუნახოთ. ეს რთული პერიოდი ჩვენ მართლა გმირულად გადავიტანეთ, ჩვენი მოსახლეობის, ახალგაზრდების, მოხალისეების მხარდაჭერით და ამას სჭირდება შესაბამისი დაფასება", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


ღარიბაშვილმა აქვე განაცხადა, რომ სტიქიის შედეგად დაღუპული მაშველის ოჯახი 100 ათასი ლარს მიიღებს, შემდეგ კი ყოველთვიური დახმარება დაენიშნება.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner