იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, პლენარულ სხდომათა დარბაზში საბჭოთა კავშირის ჰიმნის გაჟღერება დეპუტატისთვის შეუფერებელი საქციელი იყო.
ანრი ოხანაშვილის განცხადებით, როგორც ჩანს, ელენე ხოშტარიას მოენატრა საბჭოთა და რუსული ჰიმნი.
„ოკუპაცია არ არის მხოლოდ ტერიტორიის ოკუპირება, ოკუპაცია ხორციელდება სიტყვით, ოკუპაციას შეიძლება ჰქონდეს კონკრეტული გამოხატულების ფორმები ვერბალურად და ეს ადამიანი იყო რუსული ოკუპაციის გამოვლინება, რომელმაც სცადა საქართველოს პარლამენტის დარბაზში და ჩართო რუსული ჰიმნი. ამის მიმართ ყველა იმ ადამიანს, ვისაც საკუთარ სახელმწიფოზე გული შესტკივა და გმობს რუსეთის ოკუპაციას და რუსულ რეჟიმს, ლოგიკურია, რომ ექნება რეაგირება. მივესალმები ყველა იმ ადამიანის დამოკიდებულებას, ვისთვისაც ასეთი უსაქციელობა მიუღებელია. ეს სხვა არაფერია, თუ არა ელენე ხოშტარიას მიერ, რუსული იდეის გაჟღერების მცდელობა საქართველოს პარლამენტში. როგორც ჩანს, მათ აქვთ ნოსტალგიები რუსულ და საბჭოთა ჰიმნთან მიმართებით და პოპულარიზაცია გაუკეთეს მიზანმიმართულად საბჭოთა და რუსულ ჰიმნს. ეს ამაზრზენია“, - განაცხადა ოხანაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 18 თებერვალს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის მიერ ყოველწლიური ანგარიშის წარდგენის დროს, „ევროპული საქართველოს“ წევრებმა ირმა ნადირაშვილმა და ელენე ხოშტარიამ სხდომათა დარბაზში საბჭოთა კავშირის ჰიმნი გააჟღერეს.