logo_geo
eng_logo
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენი სასიქადულო სპორტსმენები დესტრუქციული ძალისგან უნდა დავიცვათ
- +

19 თებერვალი. 2020. 16:56

 

„მინდა, ვიყოთ უფრო ძლიერები და დავიცვათ ჩვენი ჩემპიონები“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

 

მიხეილ ყაველაშვილი ლეიბორისტული პარტიის ლიდერის შალვა ნათელაშვილის მიერ სპორტსმენების მისამართით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

 

„არ შემიძლია, არ შევეხო გუშინდელ დღეს, როგორი ანგარიში იყო ჩვენი პარლამენტის თავმჯდომარის და ის დესტრუქციული ძალა, რომელიც დეგრადირების გზას დაადგა. გუშინ ამ გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა კიდევ ერთი შეურაცხმყოფელი განცხადება ქართული სპორტის მიმართულებით გააკეთა, რომ საქართველოს აღარ სჭირდება კუნთმაგარი ბიჭები და ეს სულამოცლილი ჩემპიონები. თუ წარმოგიდგენიათ ამ ადამიანების დამოკიდებულება, შვიშტოკმომარჯვებული და რა ვიცი, რითი დარბიან, აღარ ვიცით, როგორი შეურაცხმყოფელი ეპითეტებით გამოდიან და გუშინ ერთ-ერთმა, კერძოდ შალვა ნათელაშვილმა გააკეთა ეს განცხადება, რომ ფული მათ აღარ უნდა მივცეთ. ასეა პირდაპირ მოწოდება – კუნთმაგარი და სულამოცლილი ჩემპიონები, აღარ სჭირდებათ მათ ჩემპიონები და რაღაც გარკვეული მინიშნება აქვს, რომ პირდაპირ მასობრივ სპორტზე გადავრთოთ ეს თანხები. პასუხს გავცემ მასაც და მიუხედავად ჩვენი გაღიზიანებისა, გაბრაზებისა, მაინც უნდა ვიყოთ უფრო ძლიერები, რათა მსგავსი გამოხდომებისგან დავიცვათ ჩვენი სასიქადულო სპორტსმენები, ჩემპიონები, ღირსეულად დავიცვათ, ღირსეულად გავცეთ პასუხი, დავდგეთ სიმაღლეზე და გვინდა-არ გვინდა, ეს ვალდებულება აღებული გვაქვს, რომ ჩვენი ქვეყანა უნდა გახდეს დემოკრატიული, უნდა იყოს ორიენტირებული იმაზე, რომ განვითარება არ შეჩერდეს“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

 

მისი თქმით, სპორტსმენების მიმართ მსგავსი შეურაცხმყოფელი განცხადება მანამდეც გაკეთებულა.

 

„ამ დესტრუქციულ და დეგრადირებულ ძალას რა შეიძლება, ვუპასუხო, არ ვიცი. მანამდე იყო ერთ-ერთი ყოფილი პარლამენტარის შვილის შეურაცხმყოფელი განცხადება. ვერ წარმომიდგენია საქართველოში არსებობდეს მოქალაქე, რომელსაც შეეძლოს, ჩვენი უძლიერესი მამაკაცის, მსოფლიოში რომ ყველა იამაყებს ასეთი ადამიანის, პიროვნულადაც ისეთი ადამიანია, რომ შეუძლებელია მასზე აუგი წამოგცდეს. მინდა, ვიყოთ უფრო ძლიერები და დავიცვათ ჩვენი ჩემპიონები“, - აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.

 

მისი თქმით, ქართველ სპორტსმენებს მთელი ქვეყანა გულშემატკივრობს და შეურაცხმყოფელი განცხადებები მხოლოდ მცირე ჯგუფიდან მოდის.

 

„მინდა ბოდიში მოვუხადო ჩვენს სპორტსმენებს. მათ უნდა იცოდნენ, ლაშა ტალახაძისგან დაწყებული ჩვენი ყველა ძლიერი სპორტსმენებით დამთავრებული, რომ მათ მთელი საქართველო გულშემატკივრობს და ეს არის ძალიან მცირე ჯგუფი. ამითაც შეიძლება, შეაფასო ეს დესტრუქციული ძალა, რომ ვერც წარმოუდგენია, როგორ შეიძლება, როცა ნაკლებობას განიცდიან და ყველა ვხედავთ, მათ არა ჰყავთ გულშემატკივარი, ახლა გადავიდნენ საერთაშორისო დონეზე, კონგრესმენების წერილებით უნდათ, შეცვალონ აქ გარემო. შეუძლებელია, შეიცვალოს და ვერც შეიცვლება. დაუფიქრებლად, მარტივად, პოლიტიკა რომ საერთოდ არ ესმოდეს ადამიანს, მისი საყვარელი სპორტსმენი, რომლითაც მთელი მსოფლიო ამაყობს და მას შეურაცხყოფს. სიძულვილით არის ეს ძალა გაერთიანებული. მათი გაერთიანების პრინციპი არის სიძულვილი. ისინი ერთმანეთთან, ბოდიში და, ქელეხის სუფრაზე სხედან, ერთმანეთს თვალებში უყურებენ, ვერ იტანენ და აერთიანებთ სიძულვილი, რათა შეცვალონ ხელისუფლება. ჩვენ უკვე მიჩვეული ვართ შეურაცხყოფებს, რასაც აყენებენ ჩვენი პარტიის თავმჯდომარეს და წარმოგიდგენიათ, რა დონეზე არიან დეგრადირებულები, რომ ახლა გადავიდნენ ლაშა ტალახაძის შეურაცხყოფაზე. უკვე დამთავრებულია მათი საკითხი, როგორ უნდა მივიდნენ ჩვენს მოქალაქეებთან და რა უნდა უთხრან, რომ რომელიმემ მათ მხარი დაუჭიროს“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner