საფრანგეთის 9 მერმა მოსახლეობას ავადმყოფობა აუკრძალა. ამის შესახებ BBC წერს. გამოცემის ინფორმაციით, ასეთი სიმბოლური ჟესტით მერებს ჯანდაცვის სფეროში ექიმების უკმარისობაზე უნდათ ყურადღების მიქცევა. კერძოდ, დასავლეთ საფრანგეთში, სარტის რეგიონში სოფლების მერების ხელმოწერილ დეკრეტში წერია, რომ უბედური შემთხვევის ან ავადმყოფობის დროს, მოსახლეობას სამედიცინო დახმარების მოთხოვნა ეკრძალება. ასევე კანონი ადამიანს თანდაყოლილი პრობლემებით დაბადებას უკრძალავს.
კანონის ავტორები აცხადებენ, რომ ამ გზით უნდათ, ქვეყნის მთავრობას რეგიონში ჯანდაცვის სისტემის პრობლემების შესახებ შეატყობინონ. მათი თქმით, რეგიონში 560 000 ადამიანი ცხოვრობს, მათგან 70 000-ს სამედიცინო მომსახურებაზე წვდომა არ აქვს.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა საფრანგეთში სამედიცინო პერსონალის ნაკლებობას აბსურდული კანონებით ებრძვიან. დეკემბერში კომუნა გრელის მოსახლეობას ექიმების დეფიციტის გამო, უქმეებსა და დღესასწაულებზე გარდაცვალება აუკრძალეს.