„საინვესტიციო ფონდები არიან ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშეები ფასიანი ქაღალდების ბაზარზე, რომლებიც ქმნიან შესაძლებლობებს, ეკონომიკაში განხორციელდეს დამატებითი ინვესტიციები“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა საინვესტიციო ფონდების შესახებ კანონპროექტის კომენტირებისას განაცხადა.
მისი განმარტებით, ინვესტიციების შეფასებისას გასათვალისწინებელია სხვადასხვა საინვესტიციო ინსტრუმენტი - მექანიზმები, რომლითაც შესაძლებელია ინვესტორმა საკუთარი კაპიტალი ქვეყნის ეკონომიკაში დააბანდოს.
„საინვესტიციო ფონდები არის ფინანსებზე წვდომისთვის საბანკო სისტემის ალტერნატიული მექანიზმი. რამდენიმე კომპანიამ გამოუშვა ეს ფასიანი ქაღალდები, რაც მარტივად ნიშნავს იმას, რომ ის ახდენს ფინანსების მოზიდვას საკუთარი ბიზნესის განვითარებისთვის. ეს არის შესაძლებლობა ადამიანებისთვის, დაზოგონ თავისუფალი ფინანსური სახსრები და ამ დანაზოგებიდან მიიღონ შემოსავალი. ამ პროცესის ერთ-ერთი ინსტრუმენტია საინვესტიციო ფონდი. დღეს, მთავრობის სხდომაზე განხილული საინვესტიციო ფონდების შესახებ კანონმდებლობა, სრულად აწესრიგებს იმ სამართლებრივ ჩარჩოს, რომელიც საჭიროა ქვეყანაში ჯანსაღი, ეფექტიანი და გამართული საინვესტიციო ფონდების შექმნისა და ოპერირებისთვის“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.
პრემიერის მრჩევლის განმარტებით, საკანონმდებლო ჩარჩო აუცილებელი წინაპირობაა იმისთვის, რომ ქვეყანაში ჩამოყალიბდეს ჯანსაღი საკანონმდებლო გარემო და განვითარდეს ფასიანი ქაღალდების ბაზარი. ბექა ლილუაშვილმა დეტალურად ისაუბრა კანონპროექტის იმ ნაწილზე, რომელიც ფონდის შექმნის, დარეგისტრირებისა და მართვის პრინციპებს სამართლებრივად აწესრიგებს, ასევე, განსაზღვრავს ფონდის სხვადასხვა ტიპს.
„აღნიშნული კანონის პროექტი სამი ტიპის ფონდის ჩამოყალიბების შესაძლებლობას იძლევა. სხვადასხვა საქმიანობის მიხედვით, ფონდს შეუძლია ფინანსური სახსრების მობილიზება, როგორც კოლექტიურად, ანუ ფიზიკური პირებიდან, ასევე ორგანიზაციებიდან თავისუფალი ფინანსური სახსრების მობილიზების გზით. კანონპროექტი საშუალებას იძლევა, ფონდმა საქართველოში დააბანდოს საქართველოს გარეთ მობილიზებული ფინანსური რესურსების და პირიქით, საქართველოში მობილიზებული ფინანსური რესურსების ინვესტირება მოახდინოს საქართველოს ფარგლებს გარეთ. ამასთანავე, ავტორიტეტული საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიების მხრიდან საქართველოს საინვესტიციო რეიტინგის გაუმჯობესება მეტყველებს ერთის მხრივ იმაზე, რომ საქართველოში მაკროეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის მაჩვენებლები დღითიდღე უმჯობესდება და მეორეს მხრივ, ეს ქმნის შესაძლებლობას, უცხოელი ინვესტორები დაინტერესდნენ საქართველოს ბაზრით და განახორციელონ საქართველოში, მათ შორის პორტფელური ინვესტიციები. ეს ინტერესი უფრო და უფრო იზრდება“, - აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.