„თავის დროზე რომ არ ყოფილიყო ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა, კულტურის სფეროში მოღვაწე ადამიანების მოვლა-პატრონობის შესახებ, ბევრი მათგანი ადრე დაასრულებდა ცხოვრებას“, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ალექსანდრე ქანთარიამ დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, დღესაც საჭიროა ხელოვანი ადამიანების მიმართ ყურადღების გამოჩენა. სიტყვით გამოსვლისას ქანთარიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ კულტურის სამინისტროს განათლების სამინისტროსთან შეერთება შეცდომა იყო.
„ჩვენი ხელისუფლება იმით არის გამორჩეული, რომ შეცდომების აღიარება არ გვიჭირს. შეცდომა დავუშვით, როდესაც ამ დიდ ოკეანეს, რასაც განათლება და მეცნიერება ჰქვია, შევურიეთ კულტურის სამინისტრო. ამით ჩვენ ფაქტობრივად გზა ავუბნიეთ ამ დაწესებულებას. ჯობდა საერთოდ გაუქმებულიყო. ვფიქრობ, მაქსიმალურად სწრაფად უნდა გამოვასწოროთ ეს ამბავი. ამის გაწელვა და დამუხრუჭება, არ მგონია, სიკეთის მომტანი იყოს. თუ სამინისტრო არ იქნება, ლექსი მაინც დაიწერება, მუსიკაც დაიწერება, ვიღაცა რაღაცას დადგამს, მაგრამ ის, რომ ეს ყველაფერი კოორდინირებული იყოს ერის სწორად განვითარებისთვის, ამას სჭირდება ორგანიზებული ჯგუფი, გინდათ კულტურის სამინისტრო დაარქვით და გინდათ სხვა რამ. თავის დროზე რომ არ ყოფილიყო ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა კულტურის სფეროში მოღვაწე ადამიანების მოვლა-პატრონობის შესახებ, ბევრი მათგანი ადრე დაასრულებდა ცხოვრებას და შემოქმედებას. დღესაც საჭიროა მათ მიმართ ყურადღების გამოჩენა“, - განაცხადა ქანთარიამ.