„ჯერ კიდევ არის მოლოდინი, რომ შეთანხმება მოხდება,“ – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მერაბ ქვარაიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ტრიბუნა“ განაცხადა.
„ჯერ კიდევ არის მოლოდინი იმის, რომ არჩევნები ჩაივლის იმ რეჟიმში, როცა ყველა პოლიტიკურ ძალას აქვს დემოკრატიული, თავისუფალი არჩევნების ჩატარების სურვილი და არა რაღაც მარგინალური ქმედებების. ხელისუფლების არა მარტო სურვილი, არამედ ვალდებულებაა, აწარმოოს პოლიტიკა, რომელიც მაქსიმალურად იქნება მიმართული კონსენსუსისკენ და ხელისუფლება დღეს სწორედ ამას აკეთებს “, – განაცხადა ქვარაიამ.
ამ განცხადებით მერაბ ქვარაიამ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რამდენად გულწრფელია ხელისუფლება, როცა აცხადებს, რომ აქვს სურვილი, მაგალითად, 100/50-ზე მოდელი შეცვალოს, ან ოპოზიციის მიერ შეთავაზებული საკითხები განიხილოს.
მისი თქმით, როცა კონსენსუსზეა საუბარი, ეს ცალმხრივი მზაობა არ უნდა იყოს.
„ეს უნდა იყოს ორმხრივი, სამმხრივი, ან მრავალმხრივი მზაობა, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის“, იგივე „ევროპული საქართველოს“ და მათ გვერდით მყოფი პოლიტიკური ძალების სახით ჩვენ ამ მზაობას ვერ ვხედავთ“, – განაცხადა ქვარაიამ.
შეკითხვაზე, რამდენად აქვს მმართველ გუნდს სურვილი და შესაძლებლობა, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხები სხვა პოლიტიკურ ძალებთან განიხილოს და მუდმივად არ ვიყოთ იმ რეჟიმში, როცა რაღაც მნიშვნელოვანს „ნაციონალური მოძრაობა“ არ დაეთანხმა, მერაბ ქვარაიამ განაცხადა, რომ რა თქმა უნდა, არიან პოლიტიკური ძალები, რომლებთან შეიძლება დიალოგი, ბევრი სასარგებლო აზრის მოსმენა და ეს აუცილებელიცაა.
„ამ რეალობაში 100/50-ზე, რაც წარმოვადგინეთ, არის ყველაზე გონივრული, საღი და სწორი შეთავაზება, რომელიც შესაძლებელია, მისაღები იყოს ყველა იმ პოლიტიკური ძალისთვის, რომელსაც ნამდვილად უნდა, საქართველოში არჩევნების გზით რამე შედეგი მიიღოს“, – განაცხადა ქვარაიამ.
როგორც მერაბ ქვარაიამ აღნიშნა, საერთაშორისო პარტნიორები მოუწოდებენ როგორც ხელისუფლებას, ისე ოპოზიციას, რომ კონსენსუსი ორმხრივი იყოს.
„მოლაპარაკებები გრძელდება და საერთო მაგიდასთან თუ ინდივიდუალურად, ჩვენ ბოლო წუთამდე გამოვიყენებთ ამ შესაძლებლობას, რათა ისინი დავარწმუნოთ, თუ რატომ არის დღეს ყველაფრის გათვალისწინებით მოდელი 100/50-ზე სწორი და რატომ არის უპრიანი, ამ სისტემით გამოვიდეთ. რომელიმე პოლიტიკური ძალა მოგვწონს თუ არ მოგვწონს, ეს ჩვენ გემოვნებაზე არ არის დამოკიდებული. ეს პოლიტიკურ კულტურაზე და პოლიტიკურ განვითარებაზეა დამოკიდებული“, – განაცხადა მერაბ ქვარაიამ.