საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია მამუკა ჟღენტის მიერ დღეს სოციალური ქსელით გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ განცხადებას ავრცელებს.
საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალი ჟღენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უპასუხისმგებლო და სახელმწიფოს ინტერესების დამაზიანებელს უწოდებს.
„საქართველოს პრეზიდენტის და მისი დელეგაციის ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია და მისი წინასწარ გავრცელება მკაცრად იკრძალება.
განსაკუთრებით აღმაშფოთებელი და დამაფიქრებელია ის, რომ მსგავს ინფორმაციას ცინიკურ კონტექსტში ავრცელებს საქართველოს ყოფილი ელჩი ევროსაბჭოში, რომელმაც შესანიშნავად იცის კონფიდენციალური ინფორმაციის მნიშვნელობა და მასთან მოპყრობის წესები.
ამგვარი განცხადების გამო, საქართველოს პრეზიდენტი და თავდაცვის სამინისტრო, სამშვიდობო მისიების უსაფრთხოების წესების თანახმად, იძულებული გახდნენ, მარტში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმონ.
საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალი წუხს იმის გამო, რომ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მარტის თვეში დაგეგმილი ვიზიტი და ქართველ ჯარისკაცებთან შეხვედრა ვერ განხორციელდება.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს პრეზიდენტი ამავე პერიოდში ესტუმრა ავღანეთში ქართულ სამხედრო მისიას“, - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ევროპის საბჭოში საქართველოს ყოფილმა ელჩმა მამუკა ჟღენტმა დღეს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ სალომე ზურაბიშვილი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და სუდანში 10-დღიან ვიზიტს გეგმავს.