თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერობის კანდიდატმა, ეკონომიკის დოქტორმა, პროფესორმა ვახტანგ ანთიამ კონცეფციაში, რომელიც მან წარადგინა, თსუ-ს სხვადასხვა კორპუსის მძიმე მდგომარეობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მათი რეაბილიტაციისთვის ფინანსური რესურსები უნდა გამოინახოს.
„კატასტროფულ მდგომარეობაშია უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსი და სხვა სასწავლო კორპუსები. ერთადერთი პირველი კორპუსი გარემონტდა ბ-ნი ივანიშვილის ინიციატივით და დაფინანსებით. უნივერსიტეტის სოლიდური ბიუჯეტი, სწორად ჩამოყალიბებული პრიორიტეტების პირობებში, იძლეოდა იმის შესაძლებლობას, რომ მატერიალურ-ტექნიკური ბაზა არ დარჩენილიყო ასეთ სავალალო მდგომარეობაში, სალექციო აუდიტორიებში არ ყოფილიყო ორმოები, რომლებიდანაც სხვადასხვა ჯურის მღრღნელები ამოძვრებიან ხოლმე. უნდა მოხდეს ფინანსური რესურსების მოძიება ამ სასწავლო ფართების რეაბილიტაციისთვის", - განაცხადა ანთიამ.