აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თანამდებობიდან გაათავისუფლა ქვეყნის თავდაცვის მდივნის მოადგილე პოლიტიკურ საკითხებში ჯონ რუდი, რომელიც მიჩნევდა, რომ ამერიკას უკრაინისთვის სამხედრო დახმარება არ უნდა შეეწყვიტა. ამის შესახებ „ბლუმბერგი“ იუწყება.
ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ აღნიშნულთან დაკავშირებით მიმართვაც გაავრცელა.
მან მადლობა გადაუხადა ჯონ რუდს ქვეყნისთვის მსახურების გამო და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
„მინდა მადლობა გადავუხადო ჯონ რუდს ჩვენი ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის და წარმატება ვუსურვო სამომავლო წამოწყებებში“, - დაწერა დონალდ ტრამპმა.
პენტაგონის პრესმდივნის ალისა ფარას განცხადებით, რუდი თანამდებობას თვის ბოლოს დატოვებს და მას სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჯეიმს ანდერსონი შეცვლის.
გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტი უკმაყოფილო იყო იმით, რომ რუდი მისი განკარგულებების შესრულებას აჭიანურებდა.
ტრამპის თანაშემწეები ეჭვობდნენ, რომ რუდი პრეზიდენტის პოლიტიკურ დღის წესრიგს არ იზიარებდა.
თანამდებობა, რომელსაც ჯონ რუდი 2018 წლის იანვრიდან იკავებდა, პენტაგონში ერთ-ერთი მნიშვნელოვანია, რადგან მართავს ოფისს, რომელიც ახორციელებს პენტაგონის უმაღლესი სამოქალაქო ლიდერების მიერ დადგენილ პოლიტიკას.