logo_geo
eng_logo
ჯამბულ გამცემლიძე: ვანო ციხეში უნდა დაალპო!
- +

20 თებერვალი. 2020. 13:13

 

ამბობს, რომ შვილის სიკვდილმა, სიკვდილის მოლოდინი შეუმსუბუქა. ახლა თავს ცუდად გრძნობს, მძიმე სენს ებრძვის, მაგრამ დაავადებაზე მეტად იმ ადამიანების დანახვა უმძიმს, ვისაც შვილის სიკვდილში ადანაშაულებს. „ნაციონალური რეჟიმის“ პირობებში მოკლული ახალგაზრდის, გიორგი გამცემლიძის მამა, ჯამბულ გამცემლიძე „რეპორტიორთან“ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის ციხიდან გათავისუფლების ფაქტს ეხმიანება და აცხადებს, რომ ამ რეჟიმის წარმომადგენლები თავისუფლად არ უნდა დადიოდნენ:

 

- შეშფოთებული ვარ! მერაბიშვილი კი გამოვიდა, მაგრამ მე მას ვეკითხები ახლა, -  ჩემი გიორგი სად არის? სად არის გურამ შარაძე? კრიალაშვილი სად არის?

 

მაგან რომ ბრძანა, ორი გვამი მომიტანეთო, კრიალაშვილის გვამი ხომ მიართვეს? რატომ არავინ სთხოვს იმ საქმეზე პასუხს? გია კრიალაშვილის საქმეზე რატომ არ აგო მერაბიშვილმა პასუხი? არ იციან, ვინ მოკლა? არ იციან, ვინ შეასრულა? - მერაბიშვილმა ბრძანება გასცა, რომელიც იმ პერიოდისათვის შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, ორი გვამი მომიტანეთ და დიდი პრემია იქნებაო და გია კრიალაშვილი მოკლეს მეორე თუ მესამე დღეს, ამაზე მეტი მტკიცებულება რა გინდათ? და ეს კაცი თავისუფლად უნდა დადიოდეს?

 

- ამ ყველაფერს მტკიცებულებები ნამდვილად სჭირდება, ბატონო ჯამბულ...

 

- სწორედ ამაშია საქმე. მერაბიშვილმა იმდენი ადამიანი მოკლა, ალბათ 10 სოფელი აშენდებოდა, ქუჩაში დახვრეტილი აჭარელი ბიჭები... რამდენი გავიხსენო: როინ შავაძე, გურამ შარაძე, გია კრიალაშვილი... ვანო მერაბიშვილის სიტყვებმა შეიწირა 150-მდე ადამიანი ქუჩაში. დღეს მას შეუძლია თავისუფლად იაროს, მაგრამ ჩვენი შვილები რა მდგომარეობაში არიან და სად არიან, რატომ არავის აინტერესებს?  რატომ გაისტუმრეს ირინე ენუქიძე და იური ვაზაგაშვილი? ჩვენ ვართ არარაობად ჩათვლილი მშობლები, სწორედ იმის გამო, რომ ამ არაკაცებს თავიანთი გაფუჭებული საქმეების მტკიცებულებები დღემდე წინ ვერ დაუდეს.

 

ვანოც და ეგენი ყველა ციხეში უნდა დაალპო! მაშინ, როცა პატიმრების ჩახოცვას ციხის ბუნტი დაარქვეს, ელენე თევდორაძე მივიდა ციხეში და თვითონ თქვა ამ ადამიანმა, რომ როცა სროლა ატეხეს, იქ რამდენი კაცი მოკვდა, უფალმა იცისო. ამბობენ, რომ 8 კაცი დაიღუპა, მაგრამ თუნდაც ერთი ადამიანი რომ მომკვდარიყო, საკმარისი არ არის იმისათვის, რომ გიგა ბოკერია გარეთ არ დადიოდეს და მენტორის სახით არ მოძღვრავდეს ეკრანებიდან ადამიანებს? შეიძლება ეგ ადამიანებს მოძღვრავდეს? შეიძლება ეს ადამიანები, რომლებსაც სისხლში აქვთ ხელი გასვრილი, რომლებიც ჩემი შვილისა და სხვა უამრავი ახალგაზრდის სისხლს ქუჩაში სახანძრო მანაქანებით რეცხავდნენ, დღეს თავისუფლად დადიოდნენ და ხელისუფლებაში მობრუნებას ცდილობდნენ?

 

- ხელისუფლებაში მობრუნებისა რა გითხრათ, ბატონო ჯამბულ, მაგრამ მერაბიშვილმა უკვე დააანონსა, რომ აქტიურ პოლიტიკაში ბრუნდება...

 

- მე ჩემი შვილის სიკვდილს კი ვეღარ ვწუხვარ ახლა, ჩემი შვილი და ჩემი თავი კი არ მეცოდება, მე ხალხი მეცოდება, რადგან ესენი რომ სახელმწიფოს სათავეში მობრუნდნენ, კიდევ უამრავი დედა ატირდება. „ნაციონალები“ რომ ხელისუფლებაში მობრუნდნენ, თვითონ კი არ იქნებიან დამნაშავე ამაში, დამნაშავე და ჩასაქოლები იქნებიან „ქართული ოცნების“ მესვეურები, რომ ამ არაკაცებს დღემდე თავიანთი ადგილი ვერ მიუჩინეს.  

 

ჩართეთ ტელევიზორი, ნებისმიერი არხი, სადმე გაიგონებთ, რომ ვინმემ რამე კარგი გააკეთა? გაიგონებთ თუნდაც ერთ დადებით ინფორმაციას? -  მოკლეს, გაატყავეს, ჩამოახრჩვეს... თუ მსგავსი რამ ჩვენს ქვეყანაში არ ხდება, აგერ, ვენესუელაში ხდება თურმე და მათ უბედურებებს გვიჩვენებენ. ისეთ მდგომარეობაში გვყრიან, რომ ადამიანმა სასიხარულო ვერაფერი გაიგოს, რომ დაითრგუნოს ადამიანი და უიმედობამ შეიპყროს... თუ ზოგმა ერთი აგური დადო ამ ხელისუფლების მხარდასაჭერად, მე 100 და მეტი აგური მაქვს დადებული, მაგრამ ახლა მათ მოვუწოდებ - გამოფხიზლდნენ! 

 

მე დღესვე რომ მოვკვდე, - არაფერია! ჩემმა შვილმა სიკვდილი გამიადვილა. თავისი სიკვდილით სიკვდილი გამიცოცხლა ჩემმა გიორგიმ, მაგრამ არ მინდა, ძალიან არ მინდა, რომ სხვა მშობლებიც გაუბედურდნენ, რაც „ნაციონალების“ ხელისუფლებაში დაბრუნების შემთხვევაში, გარდაუვალი იქნება!

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner