„წვიმაა და ჯერ შინ ვერ მოვდივართ, როგორც კი ცოტას გადაიღებს, გამოვალთ, არ ინერვიულო..."- ამ სიტყვებით დაამშვიდა 22 წლის ინდირამ თბილისში დატრიალებული სტიქიის დაწყებამდე აფორიაქებული დედა, რომელიც მეგობრის დაბადების დღეზე წასულ დებს შინ, ნუცუბიძის ქუჩაზე ელოდა.
სამწუხაროდ, ინდირას ხმას დედა ვერასდროს გაიგებს, ქალბატონი დღეს 22 წლის ქალიშვილს ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიფულში დასტირის, გოგონას ცხედარი მშობლიურ სოფელში გუშინ ჩაასვენეს.
თავზარდაცემულ მშობლებს ერთი წუთით არ ტოვებენ გოგონების ახლო მეგობრები. შოკშია ინდირას და ლიზის ბავშვობის მეგობარი ჯაბა თოლორდავა, რომელიც „პრესა.ჯი"- მ სულ ცოტა ხნის წინ ჩაწერა.
ახალგაზრდამ პირველ რიგში ქართველ ჟურნალისტებს მოუწოდა, ნუ ავრცელებენ მცდარ ინფორმაციებს იმის შესახებ, რომ გოგონების დედამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
ოჯახის წევრებისთვის და ახლობლებისთვის მძიმე აღმოჩნდა ზოგიერთ საიტზე გავრცელებული ფოტო, სადაც „მზიურთან" ნაპოვნი ინდირას ცხედარი ჩანდა.
ჯაბა თოლორდავა: მიჭირს ჩემსმეგობრებზე წარსულში საუბარი, ჩვენ თითქმის ერთად ვცხოვრობდით, ინდირას ფეხზე პრობლემა ჰქონდა, როცა ასტკივდებოდა, საკუთარი ხელით დავატარებდი. ძალიან ბევრი ტკივილი აქვს გადატანილი, მრავალი ოპერაცია დასჭირდა. ხობის მუნიციპალიტეტს და ალბათ მთელ საქართველოს გამორჩეული დები დააკლდნენ, რომლებიც თითით საჩვენებლები იყვნენ სკოლის პერიოდში და შემდეგაც, როცა სწავლა დედაქალაქში გააგრძელეს. სახელმწიფო გრანტების მოპოვება შეძლეს. ლიზას სწავლა დამთავრებული ჰქონდა, სტომატოლოგად მუშაობდა, ინდირაც მუშაობდა, ჟურნალისტობაზე ოცნებობდა და ერთ-ერთ რადიოსადგურში ახალი დაწყებული ჰქონდა მუშაობა. ორივე ძალიან აქტიური იყო, ძალიან ბევრი გეგმები ჰქონდათ, ინდირა ოჯახის შექმნასაც აპირებდა. მას თუ ერთხელ მაინც დაელაპარაკებოდი, არასდროს დაგავიწყდებოდა, ყველა თემაზე მკაფიო და ჩამოყალიბებული ხედვა ჰქონდა. ლიზა სიმშვიდით და გაწონაწორებულობით გამოირჩეოდა. მასზე ასაკით დიდებიც კი მივდიოდით რჩევის საკითხავად.
- გავრცელებული ინფორმაციით, ინდირა და ლიზა რუსთაველიდან ნუცუბიძის ქუჩის მიმართულებით ტაქსით მიდიოდნენ, რა ინფორმაცია გაქვთ, სად იყვნენ დები და სულ რამდენი ადამიანი იყო მანქანაში?
- უბედურების დღეს, გოგონები მეგობრის დაბადების დღეზე იმყოფებოდნენ. წვიმისგან აფორაქებულ დედას ინდირასთვის დაურეკავს, მას მშობელი დაუმშვიდებია - წვიმაა და ჯერ შინ ვერ მოვდივართ, როგორც კი ცოტას გადაიღებს, გამოვალთ, არ ინერვიულოო... ლიზასთან და ინდირასთან ერთად დაბადების დღიდან გამოვიდა გოგონების მეგობარი ბიჭი. ტაქსი გაჩერეს, შემდეგ კი მათთან დაკავშირება ვერ მოხერხდა.
- ანუ ტაქსში სულ ოთხი ადამიანი იყო. გავრცელებული ინფორმაციით, გოგონებთან ერთად იყო ერთ-ერთის შეყვარებული, რომელიც დადიანზე ჩამოვიდა...
- დიახ, ირაკლი, დადიანზე ჩამოვიდა, რის შემდეგაც ტაქსში ოთხი პირი დარჩა, ამათგან მხოლოდ ინდირას ცხედარია ნაპოვნი, ეძებენ ტაქსის მძღოლს, დების მეგობარს და ლიზას.
- არსებობს თუ არა თუნდაც მცირეოდენი შანსი, რომ ლიზა გადარჩენილიყო?
- ამის ალბათობა ძალიან მცირეა, ღმერთმა გადმოხედოს... ავტომობილი, რითაც გოგოები თანმხლებ პირებთან ერთად გადაადგილდებოდნენ, ნაპოვნია, ინდირა „მზიურის" მიმდებარე ტერიტორიაზე გარდაცვლილი ნახეს, როგორც ჩანს, ფანჯრიდან გამოძვრნენ მგზავრები და დინებამ წაიღო ყველა მათგანი, ტაქსის ყველა კარი ჩაკეტილი იყო, ოთხივე ფანჯარა ჩაწეული.
- ინდირას და ლიზას თუ ჰყავს და-ძმა?
- გოგონებს უმცროსი ძმა ჰყავთ - 12 წლისაა. ყველაზე ცუდ მდგომარეობაში სწორედ ის არის, მზრუნველი, მასზე გადაყოლილი დები დაკარგა.
წყარო: presa.ge