„ფინანსთა სამინისტრო, მინისტრის ხელმძღვანელობით, არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და ეფექტიანი სამინისტრო. მსოფლიოში ყველაზე ავტორიტეტულ ორგანიზაციას - საერთაშორისო სავალუტო ფონდს, მთავრობასთან მიღწეული აქვს შეთანხმება და ხელშეკრულება გაფორმებული. ისინი აღიარებენ, რომ პროცესები, რაც ხდება საქართველოში ბიუჯეტთან და ფინანსებთან დაკავშირებით არის წარმატებული და ყველა მაჩვენებელი ფორმაშია“, - აღნიშნულის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა პაატა კვიჟინაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში ფინანსთა მინისტრს ივანე მაჭავარიანს უსმენენ.
მისივე თქმით, როგორც წესი, ფინანსთა სამინისტრო ყოველთვის ცდილობს, რომ გაზარდოს გადასახადები ან რაღაც სხვა მოიფიქროს, რათა ბიუჯეტი შეავსოს.
„ამ შემთხვევაში კი, ფინანსთა სამინისტრო და ბატონი მინისტრი ყოველ წელიწადს შემოდის ახალი საკანონმდებლო ინიციატივებით - რომ გამარტივდეს და გამჭირვალე გახდეს საგადასახადო კოდექსი, შემცირდეს გადასახადები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ყოველივე ეს ხელს უწყობს ეკონომიკის ზრდას. ზოგადად, ჩვენ, დეპუტატებს, განსაკუთრებით კი, მაჟორიტარ დეპუტატებს გვინდა რაც შეიძლება მეტი თანხა წავიდეს ჩვენს რაიონებში სხვადასხვა მიმართულებებით თუმცა, სწორედ, ესეც არის სამინისტროს დამსახურება, რომ მიუხედავად ამ თხოვნისა და ხანდახან კამათისა, ბატონი მინისტრი და ფინანსთა სამინისტრო არ აჰყვა ემოციებს და დაიცვა ის პარამეტრები, რაც საჭირო არის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის“, - განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.