logo_geo
eng_logo
ირაკლი კოვზანაძე: ციფრები ადასტურებენ, რომ ფინანსთა სამინისტრო მუშაობს სწორად და აკეთებს კარგ და მნიშვნელოვან საქმეს
- +

20 თებერვალი. 2020. 15:50

 

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძის შეფასებით, ფინანსთა მინისტრმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წარმოადგინა საინტერსო და დეტალური ინფორმაცია საფინანსო სექტორში და უშუალოდ ფინანსთა სამინისტროში არსებული მდგომარეობის შესახებ და წარმოდგენილი ციფრები ადასტურებენ სამინისტროს გამართულ საქმიანობას.

 

„ბატონი მაჭავარიანი ნოემბრის შემდეგ პარლამენტის სესიაზე უკვე მეოთხეჯერ მოდის, და მიუხედავად ამისა ამ ინფორმაციებს ინტერესი არ აკლია, მეოთხე მოსვლა არის დღეს სესიაზე.

 

პარლამენტის რეგლამენტიდან გამომდინარე და საბიუჯეტო კოდექსის მიხედვით, ის ინფორმაციები, რომლებიც მან წარმოადგინა, ჩვენ შეგვეძლო მიგვეღო მთავრობის ანგარიშის მიხედვით და ასევე კვარტალურ  ჭრილშიც, რომელსაც ფინანსთა სამინისტრო წარმოადგენს, მაგრამ ბატონმა მაჭავარიანმა წინმსწრებად  მოგვცა ეს ინფორმაცია და ეს არის ძალიან კარგი.

 

ჩვენ დავრწმუნდით, რომ ფინანსთა  სამინისტრო აწარმოებს და აკეთებს ძალიან ბევრ და შრომატევად საქმიანობას, რომელიც დასტურდება იმ კარგი სტატისტიკით, რომელიც ქვეყანას აქვს. რამდენიმე ციფრი მინდა წარმოგიდგინოთ და დავადასტურო საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მხრიდანაც, რომ დაგეგმილი მთლიანი შიდა პროდუქტის 4,5%-ის ნაცვლად, ქვეყანამ მიიღო ზრდა 5,2% რომელიც ასევე დადასტურდა სავალუტო ფონდის მისიის ბოლო ვიზიტის დროსაც. მათაც ჰქონდათ ნაკლები პროგნოზი ამასთან მიმართებაში, მაგრამ ქვეყანამ აჩვენა, რომ ის რეფორმები, რომლებსაც საქართველოს მთავრობა, პარლამენტი და ეროვნული ბანკი აწარმოებს საფინანსო სექტორში, არის სწორი მიმართულებით გადადგმული და ეს რეფორმები არის ის, რომლებსაც ჩვენ ერთად ვაკეთებდით ბოლო სამი წელია“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

 

მისი თქმით,  ეს არის ფუნდამენტური რეფორმები და ეს არის სწორი რეფორმები, ზუსტად ამიტომაც აქვს ქვეყანას  5,2%-იანი ზრდა, რომელიც ერთ-ერთი კარგი მაჩვენებელია რეგიონში.

 

„განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ციფრი, რომელიც მოყვანილია ბატონი მაჭავარიანის მოხსენებაში და განსაკუთრებით მგრძნობიარე ვართ ჩვენ - ფინანსისტები  ამ ციფრის მიმართ, რომ როდესაც ნაერთი ბიუჯეტის ციფრებს ვნახავთ, იქ საგადასახადო შემოსავლები  და განსაკუთრებით აღსანიშნავია ეს -  თითქმის გადაჭარბებულია პროგნოზთან მიმართებაში ნახევარ მილიარდზე მეტით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს ციფრები ადასტურებს იმას, რომ ფინანსთა სამინისტრო მუშაობს სწორად და აკეთებს კარგ და მნიშვნელოვან საქმეს“, - განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ.

 

ირაკლი კოვზანაძის თქმით, ყველაფრის მიუხედავად, წინ მაინც საკმაოდ რთული პერიოდი იქნება, ვინაიდან „საარჩევნო წელია და აქედან გამომდინარე ფინანსთა სამინისტროს პროდუქტიულობა და ქმედითუნარიანობა მიმდინარი წლის განმავლობაში გამადიდებელი შუშის ქვეშ იქნება“.

 

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ  წარმატებები უსურვა ფინანსთა მინისტრს და მის გუნდს, რომელიც, მისი შეფასებით, არის „კარგი, კვალიფიციური  და ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო გუნდი მთავრობის შემადგენლობაში“.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner