არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე ყოფილი პრემიერისა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმიანება.
„დღეს ვანო მერაბიშვილი ციხიდან გამოვიდა, როგორც ჩანს, ეგონა, რომ ნაცებმა ჩასვეს ციხეში და ამიტომ თქვა, 9 წელი და 6 თვე ვიყავიო (რეალურად 6 წელი და 9 თვე იყო), რადგან კარგად იცის, რომ ნაცების დროს იმ დანაშაულების გამო, რაც მან ჩაიდინა 6 წელში არ გაათავისუფლებდნენ.
ვანო მერაბიშვილის განცხადებები არასდროს გამოირჩეოდა ღრმა ანალიზით, დღევანდელი ფრაზაც იყო ე.წ. განცხადება განცხადებისთვის, რაღაც ხომ უნდა ეთქვა? თქვა ერთი სისულელე (9 წელი ვიჯექიო), დაუმატა მეორე სისულელე (ერთ წელში ხელისუფლებას დავამხობო), ღმერთი სამობით არის და ვანოსგან დღის ბოლომდე მესამე სისულელეს ველოდები.
ადამიანს შეუძლია, ციხეში გატარებული დრო მინიმუმ ფიქრისთვის გამოიყენოს და წარსული შეცდომები გაანალიზოს, შეინანოს, შეიცვალოს. ვანო კი, როგორც ვნახეთ, არ შეცვლილა. კვლავ ამბოხი, დამხობა და ორი გვამი ენატრება… ვანო გახლავთ, მორიგი, პოლიტიკურად გაკოტრებული ადამიანი, რომელსაც ქართულ პოლიტიკაზე გავლენის მოხდენის რესურსი არ აქვს.
ვანო მერაბიშვილი გმირი არ არის, მაგრამ ის ნამდვილად გახლავთ „ნაციონალური მოძრაობის“ შარლ სანსონი! (საფრანგეთში ცნობილი ჯალათი)“, - ამბობს დავით ჩიხელიძე.