„წარმოუდგენელია როგორც მერაბიშვილის ლიდერად წარმოჩინება, ისე იმ სისტემის რეაბილიტაცია, რისი ნოსტალგიაც აქვს. დამხობა? დაემხოს საკუთარ ბალიშზე“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ ტვ „პირველის“ ეთერში.
„როგორც ხედავთ, ციხის კარები ზოგჯერ იღება და ზოგჯერ იხურება კიდეც. ხედავთ, რომ ეს არ არის დაკავშირებული საარჩევნო კალენდართან, როგორც ადრე იყო. ალბათ, სხვაობასაც ამჩნევთ. ადრე ციხიდან ადამიანი ნაწამები გამოდიოდა, ზოგი ამასაც კი ვერ ახერხებდა. გახსოვთ, ალბათ, ყოველ 5 დღეში 3 გვამი გამოდიოდა სასჯელაღსრულების სისტემიდან, დღეს კი ხედავთ, კოსტიუმში გამოწყობილი გამოდის ვანო მერაბიშვილი“, - აღნიშნა ხუნდაძემ.
მისი თქმით, მერაბიშვილმა ვერ იგრძნო, რატომ იჯდა ციხეში.
„მას ერთი ბოდიშიც არ მოუხდია იმისთვის, რომ თუნდაც გადაცდომები, შეცდომა მაინც ჰქონდა. გამოდის და უცებ დამხობაზე ლაპარაკობს. პრობლემაა ისიც, რომ კრიმინალური ქმედების გამო, საპყრობილეში ყოფნა პოლიტიკურ აქტივობად ითვლება და გარკვეული ჯგუფები ცდილობენ, რომ ასეთი კრიმინალური წარსულის მქონე ადამიანი წარუდგინონ საზოგადოებას ლიდერად“, - აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.
მისი შეფასებით, ეს არის კრიმინალური აზროვნების ნაწილი.
„საზოგადოებას არ აქვს ღრმა ამნეზია, რომ ეს არ ახსოვდეს: 25 000 პატიმარი იჯდა ციხეებში სწორედ იმ მძიმე სისტემის დროს, რომელიც მერაბიშვილმა შექმნა და ეს იყო, პრაქტიკულად, გენოციდი საკუთარი მოსახლეობისა და ერის წინაშე. მაშინ ჩვენ ევროპაში პირველი ვიყავით პატიმართა რაოდენობით. თან უდიდესი ნაწილი იყო რეპროდუქციული ასაკის და ეს არის პირდაპირი გენოციდი საკუთარი ერის. წარმოუდგენელია როგორც მისი ლიდერად წარმოჩინება, ისე რეაბილიტაცია იმ სისტემის, რისი ნოსტალგიაც აქვს. დამხობა? დაემხოს საკუთარ ბალიშზე“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.