„დღეს კიდევ ერთხელ ვიხილეთ და ვისმინეთ როყიო და კაცთმოძულეობაზე ორიენტირებული განცხადებები, რომელიც ახასიათებდა წინა ხელისუფლების ერთ-ერთ შემოქმედს, ვანო მერაბიშვილს, რომელსაც აერია ვადა, თუ რა ვადით იჯდა საპატიმროში“, - ამის შესახებ „ქრონიკასთან“ საუბრისას პარლამენტარმა კობა კობალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ვანო მერაბიშვილი თავისი შემოქმედის კაცი იყო და მაშინ ვითომ რაღაცას წარმოადგენდა, მაგრამ კაცის კაცად რაღას შეიძლება წარმოადგენდეს, ვნახოთ.
„დამხობაზე რომ ლაპარაკობს, სჯობს, თავზე ქუდი კარგად ჩამოიმხოს, რომ ვინმე მისგან გამწარებულმა არ იცნოს“, - აცხადებს კობალაძე.
მისი თქმით, მერაბიშვილისგან დამხობაზე საუბარი ღიმილის მომგვრელია.
„ბატონი ვანო მერაბიშვილი არის 26 მაისის შემოქმედი, იდეოლოგიური შემოქმედი ქონებების დატაცების და ხალხის გამწარების. მან სასჯელი მოიხადა, მაგრამ მისი რეჟიმისგან, მისი მოთხოვნის შედეგად გარდაცვლილი ხალხის ოჯახები დღემდე გამწარებული არიან და აქედან გამომდინარე, ცოტა რეალისტები ვიყოთ“, - განაცხადა კობა კობალაძემ.
„ამ ხელისუფლების დამხობის მერე ციხის კარი გაიღება და ყველა პოლიტპატიმარი გათავისუფლდება“, - ამის შესახებ ვანო მერაბიშვილმა 20 თებერვალს საპატიმროს დატოვების შემდეგ განაცხადა.
ვანო მერაბიშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულება 20 თებერვალს დატოვა.
შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი სასჯელს რამდენიმე საქმეზე იხდიდა, მათ შორის, 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის, სანდრო გირგვლიანის საქმეზე მტკიცებულებების დამალვის, ვალერი გელაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების, კვარიათის აგარაკისა და ამომრჩევლის მოსყიდვის საქმეებზე. 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და „ტელეიმედში“ შეჭრის საქმეების განხილვა ამ დრომდე გრძელდება და ბრალდების რიგით მეექვსე საქმეზე განაჩენი მალევე უნდა გამოცხადდეს.