ავტორი ნონა ქარქაშაძე
„ბედი მაგისი, რომ არ დახვდა ისეთი სასჯელაღსრულების სისტემა, როგორიც თავად შექმნა, თორემ კოსტიუმით კი ვერ გამოვიდოდა ციხიდან, მის გვამს გამოიტანდნენ“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ „რეპორტიორთან“ განაცხადა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ექს-პრემიერ ვანო მერაბიშვილის ციხიდან გათავისუფლების საკითხზე ისაუბრა.
ვიცე-პრემიერის განცხადებით, ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელმა, თუკი ის დამნაშავეა, პასუხი უნდა აგოს.
- ბატონო გიორგი, დღეს ვანო მერაბიშვილმა ციხიდან გამოსვლისთანავე განაცხადა, რომ აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნებას გეგმავს და ამავე დროს, პირობა მისცა საზოგადოებას, რომ „ქართული ოცნება“ ერთ წელიწადში „დაემხობა“...
- ეს არის ინდიკატორი, კიდევ ერთი გამოვლინება იმ რეალობისა, რაზეც ვლაპარაკობთ, რაზეც კამათი გვიწევს. ეს არის მტკიცება იმისა, რომ რეჟიმი იყო დანაშაულებრივი.
ვანო მერაბიშვილმა ჩაიდინა არაერთი დანაშაული, რომელიც ვერ უარყო, რასაკვირველია! ვერც ის უარყოფს ამას, ვერც საზოგადოება, ვერც ჩვენი მხარდამჭერები და ვერც ოპონენტები, ვერავინ, რადგან ფაქტები რეალობას ასახავს. ეს მისი ყოყლოჩინობა, გამოსვლის შემდეგ, კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რომ დანაშაულებრივ რეჟიმთან გვქონდა საქმე და ის დანაშაულებრივი რეჟიმი აპირებს მობრუნებას. ეს არის ბანალური ჭეშმარიტება. ეს ადამიანი და მისი კოლეგები, რომლებიც მას საპატიმროსთან დახვდნენ, ერთი სულისკვეთებით არიან გამსჭვალული. ისინი აღიარებენ, რომ იყვნენ დანაშაულებრივი რეჟიმის წარმომადგენლები, სადაც ასეთი დანაშაულების დაშვება და ჩადენა შეიძლებოდა და ამავე დროს, მიაჩნიათ, რომ ეს იყო სწორი გზა, ქვეყანა სწორედ ასე უნდა ემართათ. ის ორი გვამიც, რაც მერაბიშვილმა მოითხოვა, სულაც არ იყო ნათქვამი გადატანითი მნიშვნელობით.
- მათგან ერთ-ერთ მსხვერპლად პოლკოვნიკი გია კრიალაშვილი მოიაზრება, ვისი საქმეც დღემდე გამოუძიებელია...
- ვინ მოიაზრება, რა მნიშვნელობა აქვს? რატომ არ მოიაზრება, მაგალითად, ის ადამიანი, რომელსაც ვითომ დენმა დაარტყა და მაღაზიის თავზე შემოდეს? ყველაფერი მოიაზრება, რასაკვირველია! იმ პერიოდის რეალობაა, რომ ეს ან კრიალაშვილი ყოფილიყო, ან ვინმე სხვა, ვინც თუნდაც მანქანაში ჩაცხრილეს. მართლა დამნაშავეც რომ ყოფილიყო ის ადამიანი, თავისუფლად შეეძლოთ დაეჭირათ, რატომ კლავდნენ?
საერთოდ, „ორი გვამი“, - ეს სიმბოლური ნათქვამია, თორემ, გვამების მეტი რა ჰქონდათ! ვალერი გელაშვილი რომ ავიღოთ, ფაქტობრივად, მოკლეს კაცი, შემთხვევით გადარჩა. სისტემა იყო დანაშაულებრივი და მის არსებობას არავინ უარყოფს. გამოვიდა მერაბიშვილი და პირველივე განცხადებით, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ეს იყო სწორი და ასე უნდა ემართათ ქვეყანა.
- როგორც ვიცი, ჯერ კიდევ მიმდინარეობს სასამართლო განხილვები ყოფილი პრემიერის საქმესთან დაკავშირებით. ხომ არ არის მოსალოდნელი, რომ ის ისევ შებრუნდეს ციხეში?
- ამაზე ვერაფერს გეტყვით, დაიჭირეს, მოიხადა სასჯელი, გამოვიდა და მკვლელების ბრიგადას შეუერთდა კიდევ ერთი მკვლელი, რომელმაც გამოსვლისთანავე გააკეთა აღიარებითი ჩვენება.
ბედი მაგისი, რომ არ დახვდა ისეთი სასჯელაღსრულების სისტემა, როგორიც თავად შექმნა, რაც ციხეში ყოფნის თითოეულ წელს 10 წელიწადად გადაუქცევდა, ჯოჯოხეთად გადაუქცევდა და კოსტიუმით კი ვერ გამოვიდოდა იქიდან, ან მის გვამს გამოიტანდნენ, ან დაავადებულ ადამიანს. ამ ცვლილებას უნდა შეხედოს ჩვენმა საზოგადოებამ საღი თვალით.
თუკი რაიმე დანაშაული მიუძღვის, ვანო იქნება თუ სხვა ნებისმიერი პოლიტიკური ხაზის წარმომადგენელი, მარჯვნივ თუ მარცხნივ, აქეთ თუ იქით, - რასაკვირველია, ყველამ უნდა აგოს პასუხი!
- ვანო მერაბიშვილს თავის დროზე საკმაოდ დიდი ავტორიტეტი ჰქონდა, ბატონო გიორგი. მან დღესაც, გამოსვლისთანავე მიმართა პოლიციას და მისცა პირობა, რომ ყველაფერს გააკეთებს „პოლიციის ღირსების აღსადგენად და სოციალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად“. როგორ ფიქრობთ, ხომ არ გაითვალისწინებს ისევ მის მოწოდებებს ქართული პოლიცია?
- მნიშვნელოვანად შეიცვალა ქვეყანა, პოლიციამ თავისი მოვალეობა ისწავლა და პირნათლად ასრულებს. პროვოკაციულ მოწოდებებს არც პოლიცია და არც ნებისმიერი სხვა სტრუქტურა არ აჰყვება. ვანო მერაბიშვილის ავტორიტეტი კი, იმ დათესილით განისაზღვრება, რაც უამრავმა ადამიანმა სისხლად მოიმკა. ასე რომ, პოლიციამაც იცის ეს და ნებისმიერმა ადამიანმა, ვინც საქართველოში ცხოვრობს.