შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნინო ცაციაშვილი სისხლის სამართლის მართლმსაჯულების თემაზე გამართული კონფერენციის გახსნას დაესწრო და მონაწილეებს სიტყვით მიმართა.
ნინო ცაციაშვილმა ისაუბრა შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე, მათ შორის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის შესახებ, რომელიც პასუხისმგებელია ცალკეული დანაშაულების გამოძიების ხარისხზე.
გარდა ამისა, მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა სამინისტროში დაგეგმილ სტრუქტურულ ცვლილებებზე, რომელთა ფარგლებშიც, ქალაქ თბილისში ფუნქციონირებას დაიწყებს სპეციალიზებული სამმართველო, რომელიც მხოლოდ არასრულწლოვანთა მიერ და მათ მიმართ ჩადენილ დანაშაულებს გამოიძიებს.
ორდღიანი კონფერენცია - „დანაშაულის ჩადენიდან საზოგადოებაში დაბრუნებამდე“ - სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემის საკითხებზე იმართება და მრგვალი მაგიდის ფორმატში მიმდინარეობს.
მისი მიზანია იმ საფეხურების განხილვა, რომლებიც კანონთან კონფლიქტში მყოფმა პირებმა დანაშაულის ჩადენიდან საზოგადოებაში დაბრუნებამდე უნდა გაიარონ.
ღონისძიების გახსნას, ასევე, ესწრებოდნენ ევროკავშირის ელჩი, საქართველოს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები, სპეციალური პენიტენციური სამსახურის, პრობაციის ეროვნული სააგენტოს, იუსტიციის სასწავლო ცენტრის, ასევე, დიპლომატიური კორპუსის, პარტნიორი საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
კონფერენცია ხორციელდება ევროკავშირის პროექტის - „მართლმსაჯულების რეფორმის მხარდაჭერის პროექტები“ - ფარგლებში.