logo_geo
eng_logo
აშშ გმობს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერშეტევას
- +

20 თებერვალი. 2020. 18:06

 

ამერიკის შეერთებული შტატები გმობს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერშეტევას. ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი.

 

„2019 წლის 28 ოქტომბერს რუსეთის გენერალური შტაბის დაზვერვის მთავარი სამმართველოს („გრუ“) სპეციალური ტექნოლოგიების მთავარმა ცენტრმა (GTsST, ასევე ცნობილი „ქვედანაყოფი 74455“ და „ჭიაყელას“ სახელით) საქართველოს წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი, შემაფერხებელი კიბერშეტევა განახორციელა. ინციდენტმა, რომელმაც პირდაპირ იმოქმედა საქართველოს მოსახლეობაზე, შეაფერხა საქართველოს მთავრობისა და კერძო საკუთრებაში არსებული რამდენიმე ათასი ვებ-გვერდის მუშაობა და სულ მცირე ორი მთავარი სატელევიზიო არხის ტრანსლაცია. ეს ქმედება ეწინააღმდეგება რუსეთის მცდელობებს, რომ კიბერსივრცეში თავი პასუხისმგებლიან აქტორად წარმოაჩინოს და წარმოადგენს რუსეთის „გრუ“-ს მიერ რიგი ქვეყნების წინააღმდეგ განხორციელებულ უპასუხისმგებლო კიბეროპერაციების უწყვეტ სქემას. ამ ოპერაციების მიზანია განხეთქილების შეტანა, დაუცველობის შექმნა და დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის ძირის გამოთხრა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

 

ამერიკის შეერთებული შტატები მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს მსგავსი ქმედებები საქართველოში და სხვაგან. ამასთან, პირობას დებს, რომ საქართველოს მხარს დაუჭერს კიბერუსაფრთხოების გაძლიერებასა და მავნე კიბერაქტორებთან ბრძოლაში.

 

„კიბერსივრცის სტაბილურობა დამოკიდებულია სახელმწიფოების პასუხისმგებლიან ქცევაზე. ჩვენ საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად გავაგრძელებთ მუშაობას, რომ დავიცვათ სახელმწიფოს პასუხისმგებლიანი ქცევის საერთაშორისო სისტემა კიბერსივრცეში.

 

ჩვენ, აგრეთვე, პირობას ვდებთ საქართველოსა და მისი ხალხის წინაშე, რომ მხარს დავუჭერთ კიბერუსაფრთხოების გაძლიერებაში და მავნე კიბერ აქტორებთან ბრძოლაში. საქართველოს საჯარო ინსტიტუტების განმტკიცებისა და მისი შესაძლებლობის გაძლიერებისთვის, ჩვენ [საქართველოს] შევთავაზებთ დამატებითი შესაძლებლობების განვითარებას და ტექნიკურ დახმარებას, მსგავსი ქმედებებისგან თავდასაცავად“, - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

 

ცნობისთვის, ოფიციალური თბილისი აცხადებს, რომ რუსეთმა საქართველოს სახელმწიფო უწყებებზე კიბერშეტევა განახორციელა

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner