logo_geo
eng_logo
გაერთიანებული სამეფო გმობს რუსეთის „გრუ“-ს მიერ საქართველოზე განხორციელებულ კიბერშეტევას
- +

20 თებერვალი. 2020. 18:26

 

გაერთიანებული სამეფო განცხადებას ავრცელებს, სადაც რუსეთის „გრუ“-ს მიერ საქართველოზე განხორციელებულ კიბერშეტევას გმობს.

 

„გაერთიანებულმა სამეფომ, საქართველომ და საერთაშორისო პარტნიორებმა გამოააშკარავეს, რომ „გრუ“ - რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამსახური - პასუხისმგებელია საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ რამდენიმე მნიშვნელოვან კიბერშეტევაზე.

 

გაერთიანებული სამეფოს ეროვნული კიბერუსაფრთხოების ცენტრმა (NCSC), დიდი ალბათობით დაადგინა, რომ 2019 წლის 28 ოქტომბერს „გრუ“-მ განახორციელა მასშტაბური და ზიანის მომტანი კიბერშეტევები. ისინი მიმართული იყო სხვადასხვა ქართული ვებ-პროვაიდერების მიმართ, რამაც შედეგად გამოიწვია ვებ-გვერდების სახეცვლილება, მათ შორის საქართველოს მთავრობის, სასამართლოების, არასამთავრობო სექტორის, მედია და ბიზნეს ორგანიზაციების ვებ გვერდების. კიბერშეტევამ ასევე შეაფერხა რამდენიმე ნაციონალური ტელეარხის მაუწყებლობა.

 

ეს კიბერშეტევები ნაწილია იმ მტრული და დესტაბილიზაციის გამომწვევი გრძელვადიანი კამპანიისა, რომელსაც რუსეთი ახორციელებს საქართველოს წინააღმდეგ. გაერთიანებული სამეფო მკაფიოა იმაში, რომ „გრუ“-ს მიერ განხორციელებული ეს კიბერშეტევები არის მცდელობა, შეარყიოს საქართველოს სუვერენიტეტი, დათესოს გაურკვევლობა და ზიანი მიაყენოს ქართველი ხალხის ყოველდღიურ ცხოვრებას. გაერთიანებული სამეფო რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერად.

 

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დომინიკ რააბმა განაცხადა: „გრუ“-ს უპასუხისმგებლო და თავზეხელაღებული კიბერშეტევების კამპანია საქართველოს, სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფოს, წინააღმდეგ კატეგორიულად მიუღებელია.

 

რუსეთის მთავრობას აქვს არჩევანი: გააგრძელოს ეს აგრესიული მოქმედებების სერია სხვა სახელმწიფოების მიმართ, ან გახდეს პასუხისმგებლიანი პარტნიორი, რომელიც პატივს სცემს საერთაშორისო სამართალს. გაერთიანებული სამეფო გააგრძელებს მათ გამოაშკარავებას, ვინც ახორციელებს უგუნურ კიბერშეტევებს და ჩვენს პარტნიორებთან მუშაობას „გრუ“-ს დამაზიანებელი მოქმედებების აღსაკვეთად“.

 

გაერთიანებული სამეფოს ეროვნული კიბერუსაფრთხოების ცენტრი (NCSC) ადგენს, რომ „გრუ“ - ძალიან დიდი ალბათობით (95 % +) პასუხისმგებელია საქართველოში 2019 წლის ოქტომბერში განხორციელებულ ვებგვერდების სახეცვლილებაზე, კიბერშეტევებზე და ტელეარხების საქმიანობის შეფერხებაზე. გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მიერ გამოყენებული მეთოდოლოგია, წყაროები, ანალიტიკური დასკვნები, მათ შორის ალბათობის თეორია შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზე:

https://files.civilservicejobs.service.gov.uk/…/download.cg…

 

ეროვნული კიბერუსაფრთხოების ცენტრის დასკვნისა და ზოგადი კონტექსტის გათვალისწინებით, გაერთიანებული სამეფოს მთავრობა პასუხისმგებლობას „გრუ“-ს აკისრებს.

 

საქართველო, გაერთიანებული სამეფოს სტრატეგიული პარტნიორია. გაერთიანებული სამეფო მხარს უჭერს მთელ რიგ პროექტებს საქართველოში და ორ ქვეყანას შორის არსებული ყოველწლიური, მაღალი რანგის, ორმხრივი თანამშრომლობის სტრატეგიული დიალოგის ფორმატი საშუალებას გვაძლევს, ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გავაძლიეროთ.

 

გაერთიანებული სამეფო განსაკუთრებით მადლობელია საქართველოსი, იმ მტკიცე მხარდაჭერის გამო, რომელიც 2018 წელს სოლსბერიში განხორციელებული თავდასხმის შედეგად მივიღეთ, მათ შორის ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციასთან მუშაობაში“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner