ავტორი ნონა ქარქაშაძე
„თუნდაც ერთი ადამიანი რომ მომკვდარიყო, ციხის ბუნტის დროს, საკმარისი არ არის იმისათვის, რომ გიგა ბოკერია გარეთ არ დადიოდეს?“ - ამის შესახებ, „ნაციონალური რეჟიმის“ დროს მოკლული გიორგი გამცემლიძის მამა, ჯამბულ გამცემლიძე „რეპორტიორთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს და აღნიშნავს, რომ ყოფილი მაღალჩინოსანი ვანო მერაბიშვილი და მისი გუნდის წევრები თავისუფლად არ უნდა დადიოდნენ.
„ვანოც და ეგენი ყველა ციხეში უნდა დაალპო! მაშინ, როცა პატიმრების ჩახოცვას ციხის ბუნტი დაარქვეს, ელენე თევდორაძე მივიდა ციხეში და თვითონ თქვა ამ ადამიანმა, რომ როცა სროლა ატეხეს, იქ რამდენი კაცი მოკვდა, უფალმა იცისო. ამბობენ, რომ 8 კაცი დაიღუპა, მაგრამ თუნდაც ერთი ადამიანი რომ მომკვდარიყო, საკმარისი არ არის იმისათვის, რომ გიგა ბოკერია გარეთ არ დადიოდეს და მენტორის სახით არ მოძღვრავდეს ეკრანებიდან ადამიანებს? შეიძლება ეგ ადამიანებს მოძღვრავდეს? შეიძლება ეს ადამიანები, რომლებსაც სისხლში აქვთ ხელი გასვრილი, რომლებიც ჩემი შვილისა და სხვა უამრავი ახალგაზრდის სისხლს ქუჩაში სახანძრო მანაქანებით რეცხავდნენ, დღეს თავისუფლად დადიოდნენ და ხელისუფლებაში მობრუნებას ცდილობდნენ?“, - აცხადებს გამცემლიძე.
შეგახსენებთ, რომ ვანო მერაბიშვილს, რომელიც საპატიმროდან დღეს გათავისუფლდა, ბრალი რამდენიმე საქმეზე ედებოდა. მათ შორის, 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის, სანდრო გირგვლიანის საქმეზე მტკიცებულებების დამალვის, ვალერი გელაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების, კვარიათის აგარაკისა და ამომრჩევლის მოსყიდვის საქმეზე.