„სახელმწიფო დგამს აუცილებელ ნაბიჯებს იმისთვის, რომ კიბერთავდასხმების ნეიტრალიზაცია შეძლოს, თუმცა, ასეთ გამოწვევებთან ბრძოლა რთულია და ამიტომ, ჩვენ გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას პარტნიორ ქვეყნებთან“,- ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა.
ირაკლი სესიაშვილი საგარეო უწყებაში გამართულ ბრიფინგს გამოეხმაურა, სადაც ცნობილი გახდა, რომ 2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს მიერ დაიგეგმა და განხორციელდა.
კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, რუსეთი აგრესიულ ქმედებებს აგრძელებს და ამ შემთხვევაში, მისი მიზანი სახელმწიფო უწყებების მუშაობის შეფერდება და საზოგადოების დაშინება იყო. ირაკლი სესიაშვილმა საერთაშორისო პარტნიორებს გამოძიების პროცესში აქტიური ჩართულობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„რუსეთი აგრძელებს თავის აგრესიულ ქმედებებს, ამ შემთხვევაში, ჰიბრიდული მეთოდებით, საქართველოს წინააღმდეგ. ამით ირღვევა საერთაშორისო სამართალი. მათი კიბერთავდასხმის ობიექტები გახლდათ სახელმწიფო სტრუქტურები, გარკვეული სხვა კერძო კომპანიებიც, მათ შორის, მედია საშუალება. ერთის მხრივ, მათი მიზანი არის, სახელმწიფო უწყებების მუშაობის შეფერხება, მეორეს მხრივ კი, ამით საზოგადოების ერთგვარი დაშინება. მივესალმები, რომ საქმე გამოძიებულია და დადგენილია, რომ ავტორი გახლდათ გენერალური შტაბის მთავარი სამმართველო. მადლობას ვუხდი ჩვენს ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებს, რომლებიც ჩართულნი იყვნენ ამ პროცესში და მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გაგვიწიეს. თავისთავად ცხადია, ამ რისკებს ვხედავთ მომავალშიც, შესაბამისად, სახელმწიფო დგამს აუცილებელ ნაბიჯებს იმისთვის, რომ კიბერთავდასხმების ნეიტრალიზაცია შეძლოს. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ასეთ გამოწვევებთან ბრძოლა რთულია და ამიტომ, გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას პარტნიორ ქვეყნებთან და დარწმუნებული ვარ, რომ უფრო მეტად მოვახერხებთ ქვეყნის დაცვას ასეთი ჰიბრიდული თავდასხმებისგან“,- განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
გამოძიების მნიშვნელობაზე საუბრისას, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ განხორციელებული კიბერთავდასხმა რუსეთისთვის პოლიტიკურად მძიმე მორიგი ბრალდებაა, რომელზეც მას პასუხის გაცემა მოუწევს.
„ამ გამოძიებას აქვს დიდი მნიშვნელობა - ვამხილეთ კიბერთავდასხმის ავტორი, ეს გახლავთ, პოლიტიკურად, კრემლი, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის მთავარი სამმართველო. ეს პოლიტიკურად მძიმე, მორიგი ბრალდებაა რუსეთისთვის, საერთაშორისო საზოგადოება ამას მნიშვნელოვან ყურადღებას დაუთმობს და რუსეთს ამაზე მოუწევს პასუხის გაცემა. ეს თავისთავად, ჩვენთვის ნიშნავს გარკვეულწილად, პრევენციულ ღონისძიებებს იმდენად, რამდენადაც მომავალში არ დავტოვებთ ისეთ უმსგავსო და საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევით ქმედებებს, რომლებსაც ამ შემთხვევაში, რუსეთი ცდილობს, ჩვენს წინააღმდეგ აგრესიის სახით განახორციელოს“,- განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.