logo_geo
eng_logo
ია მეტრეველი: სააკაშვილიდან დაწყებული, ბოკერიათი და ბარამიძით დამთავრებული, ყველა ციხეში უნდა იჯდეს!
- +

20 თებერვალი. 2020. 21:00

 

 

„ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დროს მოკლული ბუტა რობაქიძის დედა, ია მეტრეველი მიიჩნევს, რომ სასჯელი, რაც ყოფილმა მაღალჩინოსანმა ვანო მერაბიშვილმა მოიხადა, მისთვის ძალიან მიზერული იყო. მისი თქმით, ყურადსაღებია ის ფაქტიც, რომ შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ციხიდან გათავისუფლებისთანავე, პოლიციას მიმართა და დაპირებებიც მისცა. ამ საკითხებზე ია მეტრეველმა „რეპორტიორთან“ ისაუბრა:

 

- ეს სასჯელი მისთვის ნამდვილად არ იყო საკმარისი, ენით აუწერელი რაოდენობის დანაშაული აქვს ჩადენილი ვანო მერაბიშვილს! უამრავი ოჯახი გააუბედურა, უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და ეს, რაც მოიხადა, მისთვის ძალიან მიზერული სასჯელი იყო. თუმცა, მხოლოდ მერაბიშვილს არ ეკუთვნის სასჯელი, სააკაშვილიდან დაწყებული, ბოკერიათი და ბარამიძით დამთავრებული, ყველა ციხეში უნდა იჯდეს. სრულ სიას ვერ ჩამოვთვლი...  

 

ამ ადამიანს ამდენი წელი ჰქონდა დროს იმისათვის, რომ ეფიქრა და რაღაც გაეაზრებინა, მაგრამ ჩემს გაოცებას საზღვარი არა აქვს, რადგან დავინახე, რომ ელემენტარული სინანულის გრძნობაც არ გასჩენია მთელი ამ დროის განმავლობაში, პირიქით, ბოროტების უმაღლეს მწვერვალზეა, იმუქრება და კიდევ დამხობისკენ მოუწოდებს თავის მომხრეებს. თან გახარებულია, გაერთიანებულხართო... ვინც გაერთიანდა მათთან, მე მათ მაგივრად მრცხვენია. მართლა არ მეგონა, ასეთ ნამუსგარეცხილობას თუ ვნახვდი, ვერ წარმომედგინა, მაგრამ რაც უნდა გაერთიანდნენ, რაც უნდა ერთად შეიკრან, მერაბიშვილი კი არა, ვინც უნდა იყოს კიდევ მათი წამქეზებელი, მათი ამბავი დამთავრებულია. „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში ვეღარასდროს მოვა. ქართველი ხალხი არ დაუშვებს იმ ბოროტების დაბრუნებას, რაც ჩვენ გამოვიარეთ და რა სისხლშიც ვიცურავეთ 9 წელიწადი. იმ საშინელებას ხალხი აღარ დაუშვებს...

 

- როგორ ფიქრობთ, ხომ არ არის მოსალოდნელი, რომ მტკიცებულებების მოპოვების შემთხვევაში, მერაბიშვილი ისევ ციხეში შეაბრუნონ?  

 

- ამის დიდი იმედი მაქვს. სავარაუდოდ, ციხეში შეაბრუნებენ, რადგან, როგორც ვიცი, პროცესები სასამართლოში ისევ მიმდინარეობს და კარგი იქნება, სხვებსაც თუ მიაყოლებენ, ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი...

 

მესმის, რომ მოლოდინი ხალხს ბოლომდე არ გაუმართლდა. კი ბატონო, მეც მაქვს რაღაც პრეტენზიები „ქართულ ოცნებასთან“, თუმცა, შედარებასაც ვერ გავაკეთებ ამ და იმ მთავრობებს შორის. მმართველმა გუნდმა ზედმეტი ლოიალურობა გამოიჩინა და დღემდე, რასაც „ნაციონალები“ სჩადიან, მათი ლოაიალობის ბრალია, მაგრამ მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ როგორი ნაწყენიც უნდა იყოს ხალხი „ქართულ ოცნებაზე“, არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ოდესმე მობრუნდეს. მით უფრო, როდესაც სხვა არჩევანი ამ წუთას არ გვაქვს - არის „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ - ე.წ. გაერთიანებული ოპოზიცია, ამიტომ არანაირი შანსი მათ არა აქვთ. დიდი იმედი მაქვს, რომ 2020-ში საერთოდ დასრულდებიან და მაგათ ხმას აღარ გავიგონებთ. ვფიქრობ, ეს ყველაფერი წელს, არჩევნებზე დასრულდება.

 

 

ერთიცაა: ვანო მერაბიშვილს, თავისი მინისტრობის პერიოდში, პოლიცია პრემიებით და ათასი პრივილეგიით ჰყავდა მოსყიდული, დამორჩილებული და ამის სანაცვლოდ, უამრავ ცოდვას აკეთებინებდა. დღეს, როგორც კი გამოვიდა ციხიდან, ისევ პოლიციას მიმართა! ეს ნამდვილად არის ძალიან ყურადსაღები! ამიტომ, მე ვფიქრობ, ხელისუფლებამ პოლიციას უნდა მიმართოს, რომ ის ბოროტებები, რაშიც ჩაფლული ჰყავდა ისინი მერაბიშვილს და რაც, ფაქტობრივად, მათაც აპატიეს, სამუდამოდ დაივიწყონ და მის მოწოდებებს არ დაემორჩილონ. ეს ხალხი დიდ ცოდვებშია გარეული ვანო მერაბიშვილის ძალისხმევით და ეს არის სწორედ ყურადსაღები. პოლიცია, ვფიქრობ, აცნობიერებს, რომ „ნაციონალებს“ უკვე არანაირი ძალა აღარ აქვთ, 2 კაცი ძლივს გამოჰყავთ, კი ყვირიან და ხმაურობენ, მაგრამ ვხედავთ, რამდენიც არიან რეალურად. მთელი საქართველოს მასშტაბით აანონსებენ მიტინგებს, მაგრამ ხალხი ვერ გამოჰყავთ. ერთი დაძახებით კი, ვნახეთ, რამდენი ადამიანი გამოიყვანა „ქართულმა ოცნებამ“.  ამით ჩანს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“, ამ ბოროტების დაბრუნებას ხალხი აღარ დაუშვებს. ესენი რომ კიდევ ხმას იღებენ, ამდენს ბედავენ და კიდევაც იმუქრებიან, ეს არის გასაოცარი, მაგრამ ეს ყველაფერი, როგორც გითხარით, ისევ და ისევ მმართველი გუნდის ლოიალურობის გამო ხდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner