20 თებერვალს ვანო მერაბიშვილს პატიმრობის 8-წლიანი ვადა უსრულდება და მას ციხიდან უშვებენ! სწორედ, ამ თემაზე საუბრით დაიწყო ჩვენი ინტერვიუ აკადემიკოს ელიზბარ ჯაველიძესთან:
– ვანო მერაბიშვილი ციხიდან კი არ უნდა გამოუშვან, იქ სამუდამოდ უნდა ჩააყუდონ! მაგას იმდენი საზარელი დანაშაული აქვს ჩადენილი, სიკვდილამდე ციხეში უნდა იჯდეს!
აგვისტოს ომისას კოდორი სწორედ ვანო მერაბიშვილის ბრძანებით დაუტოვეს უბრძოლველად მტერს, თან იარაღის მთელი არსენალიც ხელუხლებელი ჩააბარეს მომხდურს ათასობით ამერიკულ ავტომატთან ერთად.
სამი აჭარელი ბიჭი რომ ჩაცხრილეს „სამგორის“ მეტროსთან და ჯერაც გაუციებელ ცხედრებს ავტომატები მიუყარეს, აქაოდა, ციხეზე აპირებდნენ თავდასხმასო, ეგეც ვანო მერაბიშვილის შინაგან საქმეთა მინისტრობისას მოხდა! 26 მაისს სისხლში რომ აბანავეს ხალხი, ეგეც ვანოს „შემოქმედებაა“! და კიდევ რომელი ერთი ჩამოვთვალო?! თანაც, არ დაგავიწყდეთ, ვანო მერაბიშვილი საქართველოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია!
– არადა, სააკაშვილი ამბობს, ცარიელ-ტარიელი მოვიდა და ცარიელ–ტარიელი წავიდა თანამდებობიდანო!
– აბა, ბიჭო, ერთი მიშიკოა ჯიბეგაფხეკილი, ბებიამისის პენსიას რომ ელოდება და მეორე – ვანო! სააკაშვილიც, მერაბიშვილიც და ადეიშვილიც მილიარდერები არიან – მათ საქართველო გაძარცვეს!
მე ვინმეს ციხეში ჩასმა კი არ გამხარებია, ჩემს ცხოვრებაში ერთი საჩივარი არ დამიწერია, მაგრამ ამ ნაცების შემხედვარე, მთელი სულით და გულით მსურს, ციხეში დალპნენ, რადგან მათ საქართველოს წინაშე უპატიებელი ისტორიული დანაშაული ჩაიდინეს!
რა დიდი პოლიტიკოსობა სჭირდება იმის გააზრებას, რომ სანამ ეს ნაცბანდა ციხეში არ გამოიკეტება, საქართველოში მშვიდობა არ დაისადგურებს!
– რაღაც, თავს დამნაშავედ არ გრძნობენ – აგერ, გიგი უგულავას დაპტიმრების კვალობაზე, გრიგოლ ვაშაძე ხელისუფლებას დაემუქრა – ნაკერავზე გაგხევთო!
– ეგ რომელი გრიგოლაა, თავი კარში მოყოლილ ვედროს რომ უგავს?! რისი ნაკერავზე გამხეთქავია ეს თავმრუდე ლოქო?! ან რას ძველბიჭობს, რომელი „ქუჩის ყოჩი“ ეგა მყავს! 80 წელს გადაცილებული კაცი ვარ და მაგ გრიშას ვეუბნები – სადმე არ გადამეყარო, თორემ ულვაშებს ღერ-ღერად დაგაცლი!
– გაერთიანებულმა ოპოზიციამ 4 აპრილისთვის დაგეგმა „დიდი მიტინგი“, მანამდე კი, როგორც ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, ოჯახ-ოჯახ შემოვივლით მთელ საქართველოსო!
– ჰოდა, ზალიკოს ვეპატიჟები სახლში, დიდი ხისტარიანი ცოცხი მაქვს და უდუმაშვილს შიგ დუმაში გავუკეთებ! ეს არაკაცი რამდენს ბედავს! შემირცხვენია ის ოჯახი, ვინც უდუმაშვილისნაირ ქათმებს სახლში შეუშვებს და უმასპინძლებს! მთელ საქართველოში დავდივარ და ეს ნაცბანდა ყველას ჭირივით სძულს! რისი იმედი აქვთ ამ საცოდავებს!
– გუბაზ სანიკიძემ გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი მერაბ კოსტავას შეადარა, ისინიც მერაბისა არ იყოს, სამშობლოს თავისუფლებისთვის სხედან ციხეშიო!
– მერაბის სახელს როგორ ახსენებს ეგ გაბერილი ტიკჭორა! ეს ვითომ ეროვნული და ვითომ ისტორიკოსი! მაგან რა იცის სამშობლო და თავისუფლება, ოდენ სააკაშვილის ტუალეტში მდგარი ბიოცისტერნაა, რომელიც ჭამს და მოისაქმებს. მილიონი ვერ იშოვა ივანიშვილის ხელისუფლებაში და ქვეყანა უნდა გადააყოლოს იმას, რომ სააკაშვილის კარზე მოახერხოს გამდიდრება?! ამაზრზენიც აღარ ჰქვია ამ არარაობას!
– ბატონო ელიზბარ, თქვენ კი ამბობთ, ყველა ნაცდამნაშავე ციხეშიო, მაგრამ აგერ, ამერიკელი კონგრესმენები და ევროპელი დეპუტატები წერილს წერილზე აცხობენ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება დემოკრატიას ღალატობს და დიქტატურისკენ მიექანებაო!
– მაგათ საკუთარ მამიდებს მიხედონ, ის ურჩევნიათ! რას წამოროშავენ ნაცების ნაყიდი კონგრესმენები, რატომ უნდა გვაინტერესებდეს?!
26 მაისს სააკაშვილმა რომ სასაკლაო მოგვიწყო რუსთაველის გამზირზე, მაშინ რატომ არ გააპროტესტეს დიქტატურა?! ჯალათ როდიონოვს 9 აპრილის დარბევისას არ მოუქცევია ხალხი ისეთ ალყაში, როგორიც სააკაშვილის ბანდებმა 26 მაისს შემოარტყეს ხალხს! მაშინდელი სააკაშვილი „დემოკრატიის შუქურა“ იყო და დღევანდელი ხელისუფლებაა „დიქტატურა“? ბნელა?! მივმართავ ბიძინა ივანიშვილს: ბატონო ბიძინა! რამდენმა მოსყიდულმა კონგრესმენმაც არ უნდა გზავნოს უსტარები, ყველა ნაცდამნაშავე ცი-ხე-ში! სამართალი უნდა აღსრულდეს, თუნდაც დაიქცეს მთელი სამყარო!
გიორგი გიგაური