სააკაშვილის დეშტაბილიზაციას რომ ვამბობთ, აქ სააკაშვილის პირადი შტაბი იგულისხმება, რომლის გახსნასაც იგი თბილისში, საკუთარ ბიბლიოთეკაში გეგმავს და რომლის მიზანიც, რა ლაპარაკი უნდა, საქართველოში პოლიტიკური დესტაბილიზაციის გამოწვევა იქნება.
მერაბიშვილის შტაბელიზაციას რაც შეეხება, ამაში იგულისხმება უდანაშაულო ადამიანების გვამები, რომელთა მოტანასაც მერაბიშვილი ითხოვდა და ერთმანეთზე შტაბელებად ალაგებდა, საერთოდ კი, შტაბელი გერმანული წარმომავლობის სიტყვაა და ლექსიკონში განმარტებულია, როგორც წესიერი გეომეტრიული ფორმით დაწყობილი საშენი მასალა, შეშა და სხვა ამისთანა.
მოგეხსენებათ, გვამების შტაბელებად დამლაგებელი მერაბიშვილი ციხეს 20 თებერვალს დატოვებს, სააკაშვილი კი პირად შტაბს 1 მარტს გახსნის და ეს ორივე ფაქტი ქვეყანაში დეშტაბილიზაციის ალბათობას უფრო გაზრდის.
მაინც რატომ გადაწყვიტა სააკაშვილმა, კიევიდან თბილისში პირადი შტაბი გახსნას, სადაც, მისი თქმით, სხვადასხვა სფეროს ზეპარტიული წარმომადგენლები გაერთიანდებიან და ხელისუფლების შესაცვლელად გაირჯებიან? რა ხდება – სააკაშვილი „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ე.წ. გაერთიანებულ ოპოზიციას ემიჯნება თუ პირიქით – ესენი ემიჯნებიან სააკაშვილს?
კაცმა რომ თქვას, ერთიც არის და მეორეც.
კარგად მოგეხსენებათ, სააკაშვილი მუდამ ერთპიროვნულობისკენ იყო მიდრეკილი, ნიადაგ ავტორიტარულ-დიქტატორულ თვისებებს ამჟღავნებდა და ერთხელ ადეიშვილს უხუმრია კიდეც – მაგას პირველობა ისე უყვარს, ქორწილში სიძეობა უნდა და ქელეხში მიცვალებულობაო.
ჰოდა, სააკაშვილს, მიუხედავად იმისა, რომ გაქცეულია და ციხის შიშით აქ ვერ ჩამოდის, მაინც უნდა, ქართულ ოპოზიციაში პირველი იყოს, მთელი ეს ე.წ. გაერთიანებული ოპოზიცია მისი ღერძის გარშემო ტრიალებდეს და თვითონ მისცეს ტონი იმათ, რომლებიც ხან ნათელაშვილის ოფისში იკრიბებიან და ხან კიდევ – „გირჩის“ პოლიტიკურ ბორდელში, სადაც ანანია გაჩეჩილაძის პრეზერვატივებიც არის, ვიბრატორებიც, დილდოებიც, ტყავის მათრახებიც და მარიხუანაც.
თავის მხრივ, „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ე.წ. გაერთიანებულ ოპოზიციაში სულაც აღარ სურთ, გაქცეული და პოლიტიკურ საფრთხობელად გადაქცეული სააკაშვილი მათი ერთპიროვნული ატამანი იყოს, მთელი ეს ერთობა, რომელიც რის ვაინაჩრობით შეუკოწიწებიათ, სააკაშვილთან ასოცირდებოდეს და ხალხმა ილაპარაკოს – ამათ ხმა როგორ უნდა მივცეთ, როცა იმ ცხრაწლიან კოშმარში არიან ჩარჩენილი და ჯახირობენ, რომ ქვეყანას ისევ სააკაშვილი დაასვან თავზეო!
ზოგადად, ე.წ. გაერთიანებული ოპოზიცია, სადაც აღლუმი „ნაცმოძრაობასა“ და ბოკერიას პარტიას მიჰყავთ, ისედაც იმ სისხლიანი ცხრა წლის მემკვიდრეა და სულაც არა აქვს მნიშვნელობა, სააკაშვილს გამოკვეთილ ლიდერად აღიარებენ თუ არა, მაგრამ პოლიტტექნოლოგიების ამბავი მოგეხსენებათ და სააკაშვილისგან რაც უფრო შორს დაიჭერენ თავს, ნაკლებად მოაზროვნე ობივატელს უფრო ადვილად დააჯერებენ – ის სხვა არის და ჩვენ სხვა ვართო.
თუმცა, სააკაშვილი ის ხილი არ არის, ბოკერიას და სხვებს პოლიტიკური პროცესიდან თავი გაარიყინოს და ივანიშვილის ხელისუფლებასთან ბრძოლის ბაირაღი სხვას გადააბაროს. ამიტომაც იყო, რომ ამასწინათ საკუთარ ტელევიზიაში, რომლის ზედამხედველადაც გვარამია ჰყავს დანიშნული, ინტერაქტივი გააკეთებინა – ივანიშვილის დამარცხება სააკაშვილის გარეშე შესაძლებელია თუ არაო და ნაცსექტანტი მაყურებლის 90 პროცენტმა დააფიქსირა – ივანიშვილთან ბრძოლაში მთავარი კაცი სააკაშვილია, რომლის გარეშეც არაფერი გამოვაო.
საკუთარ მთავარკაცობას რომ გაუსვას ხაზი, სააკაშვილი ბიბლიოთეკაში პირად შტაბსაც ამიტომ აკეთებს. მე თქვენ გაჩვენებთ, ვინ არის ოპოზიციის მთავარი მაკონსოლიდირებელი და ვისი რქები ხნავენო! – ეს არის სააკაშვილის გზავნილი ბოკერიასა და ე.წ. გაერთიანებული ოპოზიციის მიმართ.
მოკლედ, „ნაციონალურ მოძრაობაში“ დიდი ეჭვიანობისა და დიდი ქიშპის ავდარია. მედიაში უკვე აქტიურად კულტივირებს ინფორმაცია სააკაშვილსა და „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარის გრიშა ვაშაძის დაპირისპირების შესახებ და მოენეები ამტკიცებენ, რომ ვაშაძე პარტიას უახლოეს ხანებში დატოვებს, ხოლო ჩიორა თაქთაქიშვილი, ზაზა ბიბილაშვილი, ნინო კალანდაძე და კიდევ ერთი გერსამია, რომელიც პოლიტსაბჭოს წევრი ყოფილა, პარტიიდან უკვე წავიდნენ.
ძნელი სათქმელია, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ატეხილი დაპირისპირება უკავშირდება თუ არა ვანო მერაბიშვილის ციხიდან გამოსვლის მოახლოებას, მაგრამ ეს ორი ამბავი ერთმანეთს დროში რომ დაემთხვა, ფაქტია. ნიშანდობლივია ისიც, რომ სააკაშვილმა გვარამიას გადაცემაში მერაბიშვილს მწარედ უკბინა და 2012 წლის ოქტომბერში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ხელისუფლების დაკარგვა მას დააბრალა – ვანოს მიერ დაშვებული შეცდომები და მის სისტემაში არსებული ხარვეზები რომ არა, ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ ვერ გაიმარჯვებდნენო.
საერთოდ, სააკაშვილი ასე იქცევა: მის ხელისუფლებას რამე მიღწევა თუ ჰქონდა, ყველაფრის პერსონიფიკაციას აკეთებს და მხოლოდ თვითონ მიიწერს, ყველაფერ ცუდზე კი ხელს სხვებისკენ იშვერს და იმათ აბრალებს. მაგალითად, მისი რეჟიმი მართლმადიდებლობასა და ქართულ ეკლესიას რომ ებრძოდა, ეს მთლიანად ბოკერიას შეტენა, ხოლო პოლიცია ფაშისტურ გესტაპოს რომ ჰგავდა და პოლიტიკური რეპრესიების იარაღს წარმოადგენდა, ამაზე მხოლოდ მერაბიშვილს აკისრებს პასუხისმგებლობას. ადრე ისიც აქვს ნათქვამი – დათა ახალაიას შორიდან ვიცნობდიო და სულ ერთი-ორჯერ მინახავს, ჯალათ მეგის ქარდავას კი საერთოდ არ ვიცნობდი და წარმოდგენა არ მქონდა, ვინ იყოო, არადა, ღირსების ორდენით ჰყავს დაჯილდოებული.
ერთი სიტყვით, სააკაშვილი ხელების დამბანი კაცია და თანაგუნდელების გაწირვა ადვილად შეუძლია, მაგრამ საკითხავია, რამდენად გამოუვა ეს მერაბიშვილთან მიმართებაში, რომელმაც 7 წელი ციხე ხეხა, მაშინ, როცა სააკაშვილი ევროპა-ამერიკაში ნავარდობდა და კიევში სახლი აიშენა, ფლორიდაში კი პირდაპირ აშენებული და დამშვენებული პენტჰაუსი იყიდა, რა თქმა უნდა, აწ გარდაცვლილი ბებიამისის პენსიითა და პროფესორი დედის სახელფასო დანაზოგით.
საქმეს ისეთი პირი უჩანს, ციხიდან გამოსული მერაბიშვილისთვის სააკაშვილს თვალებში არ შეეხედება და თადარიგს ახლავე იჭერს, რომ საკუთარი რეჟიმის ყოფილ „ხერხემალს“ კვანტი ზედ საპყრობილის ჭიშკართანვე დაუდოს, საიდანაც გვამების შტაბელებად დამწყობი მერაბიშვილი რამდენიმე დღეში გამოდგამს ფეხს.
სააკაშვილი მერაბიშვილს ურჩევს, ციხიდან გამოსვლის შემდეგ პოლიტიკას კი არ დაუბრუნდეს, არამედ დრო მონატრებულ ოჯახს დაუთმოს, მსოფლიოში იმოგზაუროს და თვალებში გამოიხედოს, თუმცა, როგორც ინფორმირებული ადამიანები ამბობენ, მერაბიშვილი ბოკერიას „ევროპულ საქართველოში“ გაწევრიანებას აპირებს და თუ საქმეს დასჭირდება, სააკაშვილის შესახებ გუდასაც მოხსნის პირს.
მოგეხსენებათ, მერაბიშვილი დაპატიმრებიდან ცოტა ხანშივე აყვირდა – ღამე საკნიდან გამიყვანეს, პროკურორ ფარცხალაძესთან მიმიყვანეს და მოითხოვდნენ, რომ სააკაშვილისთვის ხელი დამედო, ზურაბ ჟვანიას მკვლელობაში მემხილებინა და მისი უცხოური საბანკო ანგარიშების შესახებ ინფორმაცია დამემღერებინაო.
მაშინ კულუარული ხმებიც დაიარებოდა, რომ მერაბიშვილმა სააკაშვილს შეუთვალა – ხომ ხედავ, ხელი არ დაგადე და არ ჩაგიშვი, ამიტომ ახლა კეთილი ინებე, გაინძერი, შენი საერთაშორისო კავშირები გამოიყენე და უცხოელებს ივანიშვილზე ზეწოლა მოახდენინე, რომ ციხიდან გამათავისუფლოსო, მაგრამ სააკაშვილმა საამისოდ ხელის განძრევა არ ინება.
როგორც ამბობენ, ამის გამო მერბაიშვილი სააკაშვილზე ძალიან აღრენილია და მისთვის პასუხის მოთხოვნასაც აპირებს. გამორიცხული არ არის, ციხიდან გამოსვლის შემდეგ მერაბიშვილმა პირი მოაღოს და უკვე საჯაროდ, ტელეეთერებში ილაპარაკოს ყველაფერი, რაც სააკაშვილის დანაშაულების შესახებ ფარცხალაძესა და პროკურატურას არ უთხრა.
ეტყობა, ამის მოლოდინი თვითონ სააკაშვილსაც აქვს და გადაწყვიტა, მერაბიშვილს დარტყმა დაასწროს. მან ჯერ მხოლოდ ის თქვა – ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლა მერაბიშვილის ბრალიაო და მერე თუ დასჭირდება, კიდევ უარეს რაღაცებს იტყვის.
ერთი რამ კი აშკარაა – „ნაციონალური მოძრაობის“ ელექტორატის თვალში მერაბიშვილს სააკაშვილთან მორალური და პოლიტიკური უპირატესობა განაღდებული აქვს, რადგან მერაბიშვილი არ გაიქცა, ციხეში ჩაჯდა და სასჯელი ბოლომდე მოიხადა, სააკაშვილი კი გაიქცა და ხან ოდესის გუბერნატორის სავარძელში ნებივრობდა, ხან კი – ფლორიდის პენტჰაუსში, რომლის გასაღებსაც თემურ ალასანია სანდრა რულოვსს არ აძლევდა.
რაც შეეხება ქართველი სზაოგადოების იმ ნაწილს, რომელმაც სააკაშვილ-მერაბიშვილის სისხლიან რეჟიმთან ბრძოლას წლები, ნერვები და ჯანმრთელობა შეალია, მისთვის ციხიდან გამოსული მერაბიშვილიც და ციხეში შესაშვები სააკაშვილიც ერთი დოზანაა, რომლის ხელისუფლებაში დაბრუნებაც ქვეყნის ხელახლა დაღუპვა იქნება.
მერაბიშვილმა რამდენი სასჯელიც არ უნდა მოიხადოს, იგი ქართველი ხალხის თვალში მუდამ გვამების შემგროვებელი და ერთმანეთზე შტაბელებად დამწყობი იქნება, სააკაშვილმა კი რა შტაბიც არ უნდა გახსნას და როგორი დეშტაბილიზაციის მოწყობაც არ უნდა სცადოს, საქართველოს ხელისუფლებაში დაბრუნებას ვერასოდეს ეღირსება.
მზე მაღლა იქნება და ეს ასე იქნება, სააკაშვილი და მერაბიშვილი კი ბოლომდე იქნებიან პოლიტიკურ ნეხვში!
ჯაბა ხუბუა