თითქმის 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ ექს-პრემიერმა და შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხე დატოვა.
ნაციონალური ხელისუფლების ძალოვანი უწყების ხელმძღვანელი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი 2013 წლის მაისში მითვისება-გაფლანგვისა და ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით დააკავეს. მოგვიანებით, ამ სისხლის სამართლის საქმეს 26 მაისის აქციის დარბევისა და სანდრო გირგვლიანის საქმე დაემატა.
ყოფილი ძალოვანი მინისტრი 2013 წლის 21 მაისს დააკავეს. მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი ხუთ სისხლის სამართლის საქმეზეა დამდგარი, თუმცა 2018 წლის 25 ივნისს საქალაქო სასამართლომ ამ განაჩენების ერთობლიობით, მას 6 წლითა და 9 თვით განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა და ამ ვადის გასვლის შემდეგ, მან სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა.
ერთ-ერთი საქმე, რაზეც ვანო მერაბიშვილს ბრალი ჰქონდა წარდგენილი, დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტია. 2005 წელს მედიაში გამოქვეყნდა დეპუტატის სტატია, სადაც იგი უკმაყოფილებას გამოთქვამდა მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ იმასთან დაკავშირებით, რომ მას ქონება წაართვეს. ამის შემდეგაც მიხეილ სააკაშვილმა გელაშვილის ცემის ფაქტი ვანო მერაბიშვილსა და ერეკლე კოდუას დაავალა.
კიდევ ერთი რეზონანსული საქმე, რისთვისაც ვანო მერაბიშვილი სასჯელს იხდიდა, ეს 26 მაისის აქციების დარბევაა. გამოძიებით ირკვევა, რომ 2011 წლის 26 მაისს ფიზიკური იძულებისა და სპეციალური საშუალებების გამოყენებით განხორციელდა რუსთაველის გამზირზე მშვიდობიანი მიტინგის დარბევა. მაშინ ფიზიკურად გაუსწორდნენ იქ შეკრებილებს და ძალის გადამეტების შედეგად, არაერთი ადამიანი დასახიჩრდა. არსებობს აგრეთვე კადრები, სადაც დავით ახალაია აქციის მონაწილეების სასტიკად დარბევის უკანონო ბრძანებას გასცემს და ქვედანაყოფებს ფულად პრემიებს ჰპირდება.
ტელე „იმედის“ ეპიზოდი მერაბიშვილის ერთ-ერთი უმძიმესი ბრალდებაა. მაშინ საქართველოს მასშტაბით მაუწყებელი ტელეკომპანიის საინფორმაციო პოლიტიკის გასაკონტროლებლად, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი პირადად და მისი წარმომადგენლების, მათ შორის ივანე მერაბიშვილის მეშვეობით აწარმოებდა მოლაპარაკებებს ბადრი პატარკაციშვილთან „იმედის“ დათმობის მიზნით.
2006-2007 წლებში „იმედის“ ეთერში არაერთი მწვავე სიუჟეტი გავიდა, მათ შორის გირგვლიანის საქმეზე, რასაც მოჰყვა საპროტესტო აქციები. შემდეგ იყო აქციების დარბევა და „იმედში“ შეჭრა, რაც სატელევიზიო ისტორიაში უმძიმესი შემთხვევა იყო.
სწორედ გირგვლიანის საქმეა ერთ-ერთი ეპიზოდი, რაზეც მერაბიშვილს ბრალი აქვს წაყენებული. კერძოდ, მას ამ საქმეზე მტკიცებულებების გადამალვა-გაყალბებისა და დათა ახალაიას საქმეში მონაწილეობის დაფარვისთვის, 2014 წლის 20 ოქტომბერს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. ასევე საქალაქო სასამართლომ კვარიათის აგარაკის მითვისების საქმესა და დასაქმების პროგრამაში აღმოჩენილი დარღვევების ეპიზოდზე, შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. მერაბიშვილს ასევე ბრალი ჰქონდა წაყენებული ამომრჩეველთა მოსყიდვის ეპიზოდზეც.
შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა სასჯელაღსრულების დაწესებულება გუშინ დატოვა, თუმცა „იმედში“ შეჭრისა და 7 ნოემბრის აქციის დარბევის საქმეზე საქალაქო სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება.