logo_geo
eng_logo
კონკურსში „არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ქომაგი“ გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ!
- +

13 ივნისი. 2016. 16:04


12 ივნისს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში გაიმართა კონკურსის „არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ქომაგი" გამარჯვებულების დაჯილდოება. კონკურსში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლების უფროსკლასელებმა, რომლებმაც წარმოადგინეს ნამუშევრები თემაზე „ზღაპრები და ლეგენდები ბებიას სკივრიდან".


გამარჯვებულები დააჯილდოეს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ. ღონისძიებაში მონაწილეობდა ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედის" ორკესტრი.


წლევანდელი კონკურსის გამარჯვებული 28 ნამუშევარი საქართველოს შოთა რუსთაველის ლიტერატურის ინსტიტუტის ფოლკლორის განყოფილების მეცნიერ-თანამშრომლებმა გამოავლინეს. გამარჯვებული ნამუშევრები - ზღაპრები, თქმულებები, ლეგენდები და ასევე საინტერესო ილუსტრაციები გაერთიანდა ერთ ბროშურაში, რომელიც  მონაწილეებსა და გამარჯვებულებს სიგელებთან ერთად  სამახსოვროდ გადაეცათ.


კონკურსის მონაწილეთა დაინტერესება წლიდან წლამდე იზრდება, განსაკუთრებული აქტივობით მაღალმთიანი რეგიონების მოსწავლეები გამოირჩევიან. წელს, კონკურსში 89 საჯარო და კერძო სკოლის 400-მდე მოსწავლე მონაწილეობდა.


კონკურსის მიზანია საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ჯერ კიდევ შემორჩენილი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ელემენტების მოძიება და წარმოჩენა, მათ დაცვაში საზოგადოების, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების აქტიური ჩართვა. საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეები თავად იკვლევენ, აფიქსირებენ და გზავნიან საინტერესო ნამუშევრებს. ეჩვევიან დამოუკიდებელ, შემოქმედებით საქმიანობას და ეძებენ საქართველოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის მარგალიტებს.


უფროსკლასელთა კონკურსს სახელწოდებით „არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ქომაგი", საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ საფუძველი 2012 წელს ჩაეყარა. წელს, კონკურსი უკვე მეოთხედ ჩატარდა. არამატერიალური მემკვიდრეობის მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, კონკურსის თემატიკა ყოველწლიურად იცვლება. თავდაპირველად კონკურსი ზოგად, გაცნობით ხასიათს ატარებდა. მომდევნო ორი წლის განმავლობაში კონკურსმა მონაწილეებს კონკრეტული თემები შესთავაზა: „ტრადიციული ხელსაქმე და ხელოსნობა" და „გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების ტრადიციები საქართველოში".


წელს საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების უფროსკლასელები მუშაობდნენ თემაზე „ზღაპრები და ლეგენდები ბებიას სკივრიდან". კონკურსი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და გაზეთის „ახალი განათლება" რედაქციის ინიციატივით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების მხარდაჭერით გაიმართა. წელს პირველად, ორგანიზებაში ჩაერთო საქართველოს დიასპორის საქმეთა სახელმწიფო მინისტრის აპარატი, უკვე მეორედ კი, იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კომიტეტმა კონკურსი თავისი პატრონაჟის ქვეშ აიყვანა. კონკურსის ტრადიციული პარტნიორია საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისია. 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner