რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ კიევისა და მოსკოვის ურთიერთობების გაუმჯობესებაზე, უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკების იმედი აქვს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
„იმედი ბოლოს კვდება. ასეთი შესაძლებლობა არსებობს“, – განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.
მისივე თქმით, პარიზში, ე.წ. ნორმანდიული ოთხეულის ფორმატში გამართული სამიტის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტის პოზიცია შეცვლილია.
„სამწუხაროდ, ის დაბრუნდა პარიზიდან და დაიწყო საუბარი, რომ მინსკის შეთანხმება უნდა გადაიხედოს. ეს კითხვებს აჩენს“, – განაცხადა პუტინმა.
მანამდე, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ მინსკის შეთანხმების ახალ რედაქციაზე მუშაობენ.
„მინსკის შეთანხმება 2015 წელს გაფორმდა. ახლა 2020 წელია და მშვიდობა კვლავ არ არის მიღწეული. ამიტომ, მივიჩნევთ, რომ ეს დოკუმენტი აუცილებელად უნდა შეიცვალოს, რადგან ზოგიერთი პუნქტის რეალიზაცია საერთოდ შეუძლებელია“, – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვადიმ პრისტაიკომ.
მისივე თქმით, „კიევი მუშაობს, რათა ყველა მონაწილე დაითანხმოს და მინსკის შეთანხმებაში ცვლილებები შევიდეს“.