logo_geo
eng_logo
„მე „დღეს“ არ ვარ ამაყი, რომ ქართველი ვარ“ - მოხალისის წერილი დატბორილი „მზიურის“ შესახებ
- +

13 ივნისი. 2016. 16:10


ინტერნეტსივრცეში მოხალისის წერილი ვრცელდება, რომელიც დატბორილ „მზიურში" სასწრაფოს მანქანისა და მასში ახალგაზრდა მამკაცის გვამის აღმოჩენას ეხება.


„რეპორტიორი" წერილს უცვლელად გთავაზობთ:


ძვირფასო მეგობრებო, ადამიანებო, რომლებსაც ვთვლი, რომ ჩემი დღევანდელი „შემდგარი დღე" გაგიზიაროთ, გთხოვთ, ყურადღებით დაკვირვებით წაიკითხოთ ის, რისი თქმაც მინდა. ვინც მიცნობთ და გახსოვთ ჩემი საუბრის მანერა, ჩემი საუბრის მანერით წაიკითხოთ და არ ეძებოთ არც ამპარტავნული ემოციები და არც აღზნებულ/გაღიზიანებულ/დაღლილი ტონი.

ჩემდა საუბედუროდ თუ საბედნიეროდ, ჯერ ვერ ვყალიბდები და ვერ ვკონკრეტდები, მაგრამ დაახლოებით 3 საათიდან გახლდით „მზიურის" მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც გუშინდელი ჩემი ემოციებით, წესით, არ უნდა ვყოფილიყავი. ამ სურვილის არქონის მიზეზი იყო ის, რომ სამწუხაროდ გუშინ გზააბნეული ძაღლების დევნის და ბეთანია-წყნეთის მონაკვეთის მონახულების გარდა ვერაფერი მოვახერხე. ეს შეიძლება დაბნეულობით ან უბრალოდ თავდაჯერებულობის ნაკლებობის გამო მოხდა, მაგრამ გულწრფელად ვნანობ, რომ გუშინ ისე ვერ ვიდექი თქვენს გვერდით, როგორც საჭირო იყო.

მინდა გაგიზიაროთ ჩემი დღევანდელი გამოცდილება მოკლე ეპიზოდებით და დეტალებით, რომლის შედეგადაც მცირე ინიციატივა მინდა დავძრა, რაშიც ისევ თქვენი დახმარება მჭირდება. (თუ რა თქმა უნდა, თვლით, რომ ამას თქვენგან ვიმსახურებ).

გუშინდელი უაზრო ბოდიალის შემდეგ დღეს დილიდან სხვა მოტივაციით და შემართებით გავედი სახლიდან. თითქოს წინათგრძნობაც მქონდა, რომ დღეს რამე აზრიანს შევძლებდი.

„მზიურში" მისვლისას დავინახე ის, რაც თქვენ, სავარაუდოდ, ადგილზე ან სოციალურ ქსელში... არაფერი განსხვავებული, ყველა დადებითი ემოციით და შეგრძნებით... შევიგრძენი თითოეული თქვენგანის განცდა ერთიანობის, სიამაყის, თანადგომის და ა.შ. რომლისთვისაც გამორიცხულია, მადლობა რომ არ გადაგიხადოთ სათითაოდ ყველას, ვისაც...

მოქმედება ინტუიციურად დავიწყეთ ბიჭებმა, რომლებიც წარსულმა ნაცნობობამ შეგვკრა და ჩვეულ რეჟიმში დავიწყეთ ნაგვის გატანა... გარკვეული დროის შემდეგ ერთ-ერთმა ახალგაზრდამ გვითხრა, რომ სასწრაფოს მანქანა გამოჩნდა სიღრმეში... ამ ამბის გაგების შემდეგ მივუტრიალდი ჩემს გვერდით მდგომ მაშველებს, რომლებსაც სასაყვედურო ნამდვილად არაფერი არ აქვთ და გექნებათ მოსმენილი მათი არაერთი გმირობის ამბები ამ ორი დღის განმავლობაში (ამიტომ მე ამით თავს არ მოგაწყენთ და უკან დავბრუნდები). მოკლედ, მივუტრიალდი და რაღაც საოცრად მოტივირებული იმედით ვიკითხე, არის შანსი, რომ ვინმე იყოს შიგნით-თქო... რაზეც პასუხი მივიღე, რომ არა... პასუხი საკმაოდ კვალიფიციური და ლოგიკური იყო. ეს მანქანა ჩამოტანილია და წინა ღამეს არ იყო გამოძახებაზე გასული...

პასუხის მიღების შემდეგ ისევ ნაგვის გატანას დავუბრუნდით, მაგრამ ფიქრები ისევ სასწრაფოსთან იყო. წარმოდგენის ნაკლებობას არ ვუჩივი, ამიტომ ეს შლამს ჩამოყოლილი მანქანა ცოტა განსხვავებულად დავინახე... წარმოვიდგინე, მე რომ ამ ღვარცოფში მოყოლილ მდინარის ნაკადთან ჩაყოლილს გვერდზე მცურავი სასწრაფოს მანქანა დამენახა, რას ვიზამდი... პასუხი სავარაუდოდ თქვენც იგივე გაქვთ - ჩავეკიდებოდი მინიმუმ... ამ ფაქტის გააზრების შემდეგ ბიჭებთან ერთად გადავედით სასწრაფოსთან, სადაც უკვე რამდენიმე ახალგაზრდა ალბათ იმავე იმედით დაგვხვდა... 10-15 წუთის შემდეგ უკვე მაშველებთან ერთად ვმუშაობდით. საოცრად დიდი ნაგვის ჯერ დაჭრის და შემდგომ გატანის შემდეგ ერთ-ერთი გაგიჟებული წერაქვის მოქნევა მაშველის მშვიდი ჩურჩულით ნათქვამმა სიტყვებმა „მოიცა არ დაარტყა"-მ გამიჩერა... ავუხსენი, თუ რატომ ვურტყავდი და რომ მიზნად ხის გაჩეხვა მქონდა, რომელიც ხელს გვიშლიდა... იმდენად გამაოგნებელი და დაუჯერებელი პასუხი მივიღე, რომ ახლაც ყურში ჩამესმის. „კაცის ხელია - ჩუმად ოღონდ, არ შეიმჩნიო". რომ გამოვარჩიე ხელი სხვა ნატეხებში, ვერ გადმოვცემ, რა ემოცია დამეუფლა (ამ ემოციის გამოხატვის უფლებაც კი არ მქონდა, ეგ იყო ყველაზე რთული). იქვე ჩუმად მოვილაპარაკეთ, რომ მაშველებს მივუშვებდით და მოხელისეები გამოვიწეოდით უკან წრის შესაკვრელად... გამომდინარე იქიდან, რომ უკვე სპეციფიკური სამუშაო იყო გასატარებელი, რაც ჩვენ ნამდვილად არ ვიცოდით. 2-3 წუთში უარესი, ბევრად უფრო დამამძიმებელი გარემოება დაგვემატა... ხელთან ახლოს, ზედ ამ მიცვალებულზე, ცხოველის თათები გამოიკვეთა... 10-15 წუთი ნამდვილად არ მახსოვს მას მერე. გვერდზე მდგომ მოხალისეს ვთხოვე წყალი. მადლობა ამ ახალგაზრდას იმისთვის, რომ მიხვდა, რისთვისაც მინდოდა - 5-ლიტრიანი წყლის ბიდონი მოიქნია და სახეში შემომასხა. წამიერად დავბრუნდი ისევ იქ და ისევ შემართებით, ოღონდ ამჟამად მაშველები დახმარებას ხალხის გარიდებაში ითხოვდნენ...

გასაყვანი პირველ რიგში იყვნენ ბავშვები და გოგოები, ოღონდ ისე, რომ მინიმალურად გავრცელებულიყო ინფორმაცია... უკან ამოვიხედე და დამხვდა საკმაოდ სასიამოვნო გარეგნობის გოგონა, რომელიც მე მიყურებდა გაშტერებული... სავარაუდოდ, მეტყობოდა სახეზე ის, რისი მნახველიც გავხდი... ამ რწმენით ცოტა ამაღლებულზე ავძვერი და ამ გოგონას მივმართე... მივმართე - არასწორი შეფასებაა ... ვთხოვე, ვთხოვე ოღონდ იმაზე მორიდებულად და იმაზე სუფთად ალბათ, ვიდრე ღმერთისთვის მიმიმართავს ხშირად ცხოვრებაში... „ძალიან გთხოვ, დაგვეხმარე, რომ გოგოები და ბავშვები გავარიდოთ აქაურობას-თქო". პასუხი გაგაოცებთ: ხმამაღლა წამოძახებული - ეს რა დისკრიმინაციაა!!

მივხვდი, რომ სხვაგან მოვხვდი. ის ემოცია, რაც გულში მქონდა, გულწრფელი და სიმწრით სავსე წამიერმა დაკარგულობის განცდამ ჩამინაცვლა... რეალურად კი ნამდვილად დიდი სტრესი იყო ყველა ადამიანისთვის და ალბათ გოგოებისთვის განსაკუთრებით, რეალობის ნახვა... მე როგორ დავივიწყებ ამ კადრებს, ერთი თემაა, მაგრამ მეორეა ქალის ფსიქოლოგია და ფსიქიკა... არავის არ მოვიაზრებ სუსტად ან დამცირებულად... ქალი ხშირ შემთხვევაში კაცზე გამძლე და მტკიცე შეიძლება იყოს, მაგრამ რეალურად გულში მქონდა არგამეტების განცდა ... არ მინდოდა, რომ ქალს/მომავალი თუ აწმყო შვილების დედას ენახა ის ტრაგედია, რაც ჩვენ წინ იდგა...

იმედგაცრუებული უკან გამოვტრიალდი და შვება ვიგრძენი... დავინახე რამდენიმე მოძღვარი... რომლებიც თითქოს ინტერესით იყურებოდნენ, მაგრამ ვერ ხედავდნენ ან ჯერ ვერ გაერკვიათ ვითარება... ერთ-ერთმა მკითხა, წყალი ხომ არ გინდა, ფერი გაქვს, შვილო, ცუდიო... ამ შემთხვევაში მივხვდი, რომ სწორ მისამართზე ვიყავი და მამაოს ავუხსენი ჩუმად ყურში, თითქოს აღსარებას ვაბარებდი, რაშიც იყო მდგომარეობა და დახმარება ვთხოვე... არ დამავიწყდება მისი სახე და თვალები... ხელი ჩამკიდა, ხმამაღლა ახალგაზრდებს შეუძახა და თქვენი ფემინისტების დედოფალი დროებითი ჯაჭვის მიღმა დარჩა...


მალევე ამოიყვანეს პირველი მსხვერპლი... სამწუხაროდ, ოთხფეხა იყო... გაურკვეველია ჯერ, იყო ეს მგელი თუ უცნაური მგლის ფორმის ძაღლი, მაგრამ გადაფარებული გაიყვანეს... ცოტა ხანში მიცვალებულიც ამოიყვანეს და იქვე დაასვენეს... ის სიჩუმე, რაც იდგა, მე ალბათ გამოკეტილ ბნელ ოთახში არ მიგრძვნია... მიუხედავად იმისა, რომ ტერიტორიაზე ამ ადგილის მიღმა უამრავი ადამიანი მუშაობდა, მე ყოველ შემთხვევაში ხმა საერთოდ არ გამიგია ალბათ წუთის მანძილზე... ჯაჭვი დაირღვა, მოაწყდა კამერები, ტელეფონები... გადალაპარაკდა ინფორმაცია და გაიგო სრულიად საქართველომ... სიგარეტის მოკიდება ვცადე და ხელზე იმდენად უცნაური სუნი ვიგრძენი, რასაც გულწრფელად ვერ დავახასიათებ... ისევ ფერი დავკარგე და ალბათ ისევ დამეტყო... ჩემმა მეგობარმა მკითხა, რა გჭირს, ხომ კარგად ხარო? ვგრძნობდი, რომ ეს სიკვდილის სუნი იყო და არაფრის სხვის... ვგრძნობდი, რომ ეს 21-ე საუკუნის ერთ ერთი ყველაზე მძიმე ტრაგედიის სუნი იყო... ვგრძნობი, რომ ეს იყო ის, რისთვისაც დილით მოტივირებული გამოვედი სახლიდან... მწუხარების საოცარი განცდა გამიჩნდა იმიტომ, რომ იმედი იმისა, რომ შეიძლება ვინმე ცოცხალი იყოს, საბოლოოდ მომიკვდა... გამორიცხულია, ეგეთ შლამში ვინმე იყოს მოყოლილი და ცოცხალი... ბიჭებს რომ გადავხედე, სიამაყის განცდა გამიჩნდა და არ დამძრახავთ, იმედია... გამიხარდა, რომ ტყუილად, მხოლოდ ნაგვის გასატანად არ გვიშრომია... გამიხარდა, რომ ჩემი წარმოდგენა ტრაგედიის ღამის რეალობასთან ახლოს იყო... შემართებამ იმატა ახალგაზრდებში და მოქმედება ისევ გააქტიურდა... სხვა მხარეს და სხვა სიმძლავრეებით... ფიზიკური და ფსიქოლოგიური გათანგულობის გამო სახლში ამოვედი გამოსაცვლელად და საბანაოდ ... სუნი მკლავდა. ჯერ სპირტით ვიხეხე ხელები, მერე სველი ხელსახოცებით... საბოლოოდ ხელთათმანი ჩავიცვი, რომ გამეკავებინა, მაგრამ ცხვირში მქონდა ალბათ და ტვინში... ალბათ, მთელი ცხოვრების მანძილზე 15 ივნისს დილა რომ გათენდება, ამ სუნს ვიგრძნობ...

სახლში ამოვედი და იმ წამსვე ტელევიზორი ჩავრთე... აცხადებენ, რომ ნაპოვნია მეორე მიცვალებული... ეს უკვე იყო წარმოუდგენელი სიგიჟე ... გამოვიცვალე და ეგრევე უკან ჩავბრუნდი ... აღარც ფიზიკური დაღლილობა აღარ მახსოვდა და აღარც სუნი... ქუჩაში უკან მობრუნებულ ბიჭებს გამოვართვი ინსტრუმენტები და დავეშვი უკან... მოხალისეებს უკან უშვებდნენ... დღევანდელი დღე გავიდა ბოლოში... ხვალ გავაგრძელოთო, მაშველებმა და ხელით გასასვლელისკენ მიგვითითეს... წინააღმდეგობა არ ყოფილა. საოცრად გამგები ხალხი აღმოვჩნდით ... ყველა გამოტრიალდა, ზოგს საჭმელი მიჰქონდა უკან მათხოვრებისთვის დასარიგებლად, ზოგი ხვალისთვის ნიჩბებს აგროვებდა...

იქვე ერთ-ერთ მორზე ჩამოვჯექი, სუნთქვას ვერ ვიმორჩილებდი... ერთ-ერთმა მაშველმა ისევ გასვლისკენ მიმითითა, რა დროსაც მეორე, ახალგაზრდა მაშველი გამომესარჩლა... მიცნო... ამოვიდა და ჩვენ შორის საოცრად თბილი და პირდაპირი გაგებით, გულწრფელად ძმური დიალოგი შედგა... არც მისი სახელი ვიცი, არც გვარი, მხოლოდ სახეზე მახსოვს... არ დამივიწყდება ის მადლობის გულწრფელი განცდები, რომლებსაც ერთმანეთს ვუზიარებდით... იქვე ხვალინდელი დღის იმედს ვსხავდით და ვგეგმავდით, თუ როგორ უნდა გვემოქმედა...

დღეს ბევრი რამ ვისწავლე... დღეს იყო გამოცდა ჩვენი, როგორც თაობის და რეალურად რომ ვთქვათ, რიგი შეცდომებით, მაგრამ ჩავაბარეთ...

ის ემოციები, რაც დღეს ჩვენ ყველამ ერთმანეთისგან უანგარო დახმარებით მივიღეთ, მთელი ცხოვრება თუ გვექნება გულებში, ჩვენ აუცილებლად შევძლებთ, რომ ნაგვის გატანის მერე ამ ადგილას საოცარი სკვერი გავაშენოთ და შემდეგ ქვეყნის დალაგებაც დავიწყოთ ჩვენი ძალებით...

დადებითი ემოციების მიღმა მილიონი წვრილმანი იყო, რომლებიც გვთრგუნავდა და მოტივაციას გვიკლავდა... „მზიურში" უდიდესი პრობლემა იყო არაორგანიზებულობა... და ამაში არ ვგულისხმობ უბრალო მოხალისეებს... მე, როგორც ყველა, იმას ვაკეთებდი, რასაც შინაგანი ინსტინქტი გვკარნახობდა... მაგრამ, მეგობრებო, რეალურად რომ შევხედოთ, ჩვენ მზად არ ვართ... ჩვენ არ ვიცით, რა გავაკეთოთ ეგეთ დროს... რაში, როგორ ჩავერთოთ... მე ვარ ამის პირველი მაგალითი... ორჯერ კინაღამ ბიჭებს გამოვაცალე მიწა დიდი ხის მორის გაწევით... ეს დაუშვებელია... მიხარიხართ ყველა, მაგრამ იქვე მეშინია, არ დავუშავოთ ერთმანეთს რამე...

ჩემი უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი სურვილია, შეიქმნას საინიციატივო ჯგუფი, ოღონდ მას მერე, რაც ზოგადად თემა ჩაცხრება და დავთვლით ზარალს, პირველ რიგში, ადამიანურს და შემდგომ სახელმწიფო დათვლის მატერიალურს... დავჯდეთ და მოვიფიქროთ, რა გვჭირდება ზეგ... და არ დავიშალოთ სახლებში სიმშვიდის მოლოდინში... არ ვსვათ ერთობის და მართლა გულწრფელი ერთობის სადღეგრძელო და ეს საქმე მაგით არ გავაჩეროთ...

აუცილებლად საჭიროა შეიქმნას ჯგუფები 10/20/50 კაციანი... რომლებსაც დაგვატრენინგებენ შესაბამისი სიტუაციებისთვის კვალიფიციური კადრები... ვიყოთ ყველა ჩვენ ჩვენი სპეციფიკური განხრის რაღაც დონეზე მაინც სპეციალისტები... არ არის ჩემთვის ქალის საქმე მორების თრევა და მომკალით... იყვნენ გოგოები, რომლებიც საჭმელს დაატარებდნენ, წყალს, ერთმა, ჩემდა გასაოცრად, სიგარეტიც ჩამიდო მოკიდებული პირში, ხელებით რომ არ გამეთხვარა სახე... ყველამ დავინაწილოთ სამომავლოდ ჩვენი მოვალეობები... ეს არ არის ახირება, ეს არის ჩემს მიერ დაკვირების შედეგად დაბადებული აზრი... იყო იქ კატეგორია ადამიანების, რომლებსაც გულწრფელად უნდოდათ საქმის გაკეთება, მაგრამ ფეხქვეშ უაზროდ გვებლანდებოდნენ... იყვნენ გოგოები, რომლებიც „ფეისბუქზე" ლაივ ტრანსლაციას ახორციელებდნენ... ეს ბუნებრივია და არც მიკვირს, მაგრამ ჯობია, რომ ყველაფერ,ს რაც დღეს მე ვნახე და ვაკეთე, მიეცეს ფორმალური სახე...

შევქმნათ რეზერვის მსგავსი ოპერატიული ბრიგადები, რომლებიც ქალაქებში ჩვეულებრივ მოქალაქეებში იქნება მიძინებული... სტიქია იქნება, სტიქიას ვეჭიდავოთ, ომი იქნება, ვიომოთ... ოღონდ ეს ყველაფერი უნდა ვიცოდეთ... პირველ დღეს მე და ჩემი მეგობარი მაგალითისთვის შეშინებულ მეცხვარეს რომ არ შევეჭამეთ, ვიღაცის ეზოში ვიყავით გამოკეტილები სასაფლაოს მხარეს... ამის მიზეზი ის კი არ არის, რომ მე საჭმელს ვგავდი ... მიზეზი ის არის, რომ არ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი ... იგივე დღეს ვიმეორებ და კიდევ ერთხელ თუ მივწვდები, ბოდიშს ვუხდი ბიჭებს საფრთხის შექმნისთვის, რომელიც გულწრფელად დახმარების სურვილმა დამაშვებინა...

მოკლედ, ამყევით, რომ ავაგოროთ ეს თემა და მივაწვდინოთ ჩვენ მეტად პატივსაცემ მთავრობას... ერი და თაობამ ფაქტია, რომ მზად ვართ ვიდგეთ ერთად ნებისმიერ გასაჭირში...

რაც შეეხება მთავრობას ... თქვენც მოგეხედებათ... მადლობა იმისთვის, რომ ცდილობთ, თქვენი მოვალეობა პირნათლად შეასრულოთ მაგრამ თქვენც იგივე პრობლემა გაქვთ... არ იცით, რა ქნათ... თქვენც გჭირდებათ კვალიფიციური კადრები... 2 დღეა მეგობრის ტელეფონში ვუყურებ ვიდეოს, თუ როგორ იყრება მტკვარში მანაქანები... სადმე ვინმე ჩავიდა?? იქ რატომ არ ეძებთ??? გამორიყავს??? როდის ან რა ადგილას??? უარს რომ ეუბნებით დახმარების მსურველ ქვეყნებს ქედმაღლურად იმის ჩვენებით, რომ ერთიანები ვართ... მიუშვით თურქები მტკვარზე, მანქანები ამოიყვანონ... დარწმუნებული ვარ, იქაც იქნებიან მიცვალებულები, ჩვენდა საუბედუროდ... მესმის ისიც, რომ რთული ვითარებაა და არ გკიცხავთ, უბრალოდ, არის რაღაცეები, რაზეც უნდა ვიყოთ მზად და არის რისკები, რისი წინასწარ ლიკვიდაცია უნდა მოხდეს... პირველად რომ დაიტბორა თავშესაფარი რამდენიმე დღის წინ... რა ზომები მივიღეთ?? მე შეიძლება, არ ვიცი, მაგრამ რა, გეგონათ, რომ აღარ იწვიმებდა??? ან არ დაგიშვიათ, რომ მთა ჩამოიშლებოდა??? ჩემზე კარგად თქვენ უნდა იცოდეთ გეოლოგია ქალაქის გარშემო და საკუთარი პულსივით უნდა აკონტროლებდეთ... და არ უნდა სჭირდებოდის გულს ტკივილის დაწყება, რომ პროფილაქტიკის მიზნით შეემოწმოთ, როცა ასაკში ხართ... საქმეს მიხედეთ, მოკლედ, და რომ დაბრუნდებით თქვენ გაგრილებულ ოთახებში, კი არ იამაყოთ, საიდან გამოძვერით, იმაზე იფიქრეთ, რა უნდა გააკეთოთ, რომ შემდეგში მტკვარში არ აღმოჩნდეთ...

რაც შეეხება მოსახლეობას... ჩემი გაღიზიანება კიდევ ერთმა ფაქტმა გამოიწვია... საავტომობილო მოძრაობა... ფეისბუქზე სტატუსები რომ „რა გჭირთ, ხომ გთხოვეს, მანქანები დატოვეთ" და ასე შემდეგ... დღეს მე მანქანა შეგნებულად არ დავტოვე იმიტომ, რომ ვთვლიდი, რომ აუცილებელი იყო საჭიროებისთვის გვერდში მყოლოდა... მიუხედავად ამისა, „მზიურში" ჩასვლამდე თამარაშვილზე გავაჩერე და ისე დავეშვი... ამოსვლით ჭავჭავაძეზე ამოვედი და პარადოქსს წავაწყდი... არც ერთმა ცარიელმა ტაქსმა არ გაგვიჩერა... არც ერთმა მოქალაქემ არ გაგვიჩერა... მოქალაქეების მესმის, თავის ახალ მანქანებს ამოგანგლული ახალგაზრდებით შეიძლება არ გატენიდნენ, მაგრამ ტაქსებმა რა იფიქრეს, რომ ფული არ გვაქვს??? თუ ისინიც სისუფთავეს იცავდნენ... სახლიდან უკან დაშვებისას სახლთან ბირჟავიკ ტაქსს ჩავუჯექი და ჩავაყვანინე თავი... ჩვენ წინ მიდიოდა ცარიელი ტაქსი, რომელსაც მთელი „მზიურის" ტერიტორია ხელს უქნევდა... (ამოგანგლული მოხალისეები ისევ)... ამ ამოგანგლულ ბიჭებს და გოგოებს აუარა გვერდი და 2 საკმაოდ კარგად ჩაცმულ-დახურულ 2,  ჩემთვის ბოდიში გამოთქმისთვის, მაგრამ „პუტანკას" გაუჩერა მანქანა და ვაჭრობა დაუწყო... საბოლოოდ დეტალებში არ შევალ, რა და როგორ განვითარდა... საწყენია... უბრალოდ საწყენია, რომ თელაველი ჯოო თბილისში თბილისელ ბიჭებს არ გვეხმარება ასეთ სიტუაციაში... და სტიქიას უყურებს როგორც გაასმაგებული შემოსავლის წყაროს...

რომ დავამთავრო და კიდევ უარყოფით ემოციებს არ დავუბრუნდე, შევაჯამებ დღეს... დღეს თბილისის თავზე ჩემთვის იდგა ტრაგედიის სუნი... სუნი, რომელმაც ჩვენ გაგვაერთიანა...

მე დღეს არ ვარ ამაყი, რომ ქართველი ვარ... მე ვიყავი გუშინ, გუშინწინაც და ვიქნები ხვალაც ... მადლობა თქვენ ყველას, ვინც ხართ და როგორებიც ხართ, იმისთვის, რომ დღეს მაგრძნობინეთ, რომ ამ ქალაქში მარტოები არასდროს არ ვართ და შეიძლება გვქონდეს ერთად - ერთიანი მომავლის იმედი...

ბოლო ორი წლის განცდა იმისა, რომ ერთადერთი გადარჩენის გზა ამ ქალაქიდან გასვლა იყო, ჩემთვის „ვერა რეჩკამ" მტკვარში ჩაიტანა...

მადლობა კიდევ ერთხელ ყველაფრისთვის...

უდიდესი სიყვარულით, პატივისცემით და მორიდებით თქვენი ერთგული რიგით „ბოლო" მოხალისე...

კ. ბ. მ. 15/06/15


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner