logo_geo
eng_logo
„EURACTIV“ გასული წლის 28 ოქტომბერს, საქართველოში განხორციელებულ კიბერთავდასხმას ეხმაურება
- +

21 თებერვალი. 2020. 17:41

 

 

ბრიუსელში ბაზირებული წამყვანი ევროპული გამოცემა „EURACTIV“ გასული წლის 28 ოქტომბერს, საქართველოში განხორციელებულ კიბერთავდასხმას ეხმაურება და აქვეყნებს სტატიას შემდეგი სათაურით: „საქართველო ავრცელებს ინფორმაციას „რუსეთის მიერ განხორციელებული“ ფართომასშტაბიანი კიბერთავდასხმის შესახებ“.

 

სტატიის ავტორი 2020 წლის 20 თებერვალს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებას ციტირებს: „2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში განხორციელდა ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სასამართლო სისტემის, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოების, სახელმწიფო, კომერციული და მედია ორგანიზაციების ვებ-გვერდებზე, სერვერებსა და სხვა მართვით სისტემებზე. კიბერშეტევის შედეგად დაზიანდა ზემოაღნიშნული ორგანიზაციების სერვერები, მართვითი სისტემები და მნიშვნელოვნად შეფერხდა მათი ფუნქციონირება“.

 

სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ აშშ-მ და გაერთიანებულმა სამეფომ გააკეთეს სპეციალური განცხადებები, სადაც ნათქვამია, რომ კიბერშეტევა განხორციელდა რუსეთის „გრუ“-ს სადაზვერვო დანაყოფ „Sandworm”-ის მიერ.

 

სტატიის ავტორი იუწყება იმასაც, რომ რუსეთის ეს ქმედება დაგმეს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ, გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დომინიკ რააბმა და NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.

 

„EURACTIV“-ის გარდა, მომხდარ კიბერშეტევას ეხმაურებიან სხვა მედია საშუალებებიც, მათ შორის ბელგიური „RTBF“ და „რადიო თავისუფლება“ (Radio Free Europe).

 

სტატიებში ნათქვამია, რომ აშშ და გაერთიანებული სამეფო საქართველოს მხარს უჭერენ და ფართომასშტაბიან კოორდინირებულ კიბერთავდასხმაში რუსეთის ფედერაციას ადანაშაულებენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner