logo_geo
eng_logo
რა სახის სამუშაოებს უნდა აარიდოს დამსაქმებელმა ორსული, ახალნამშობიარები და მეძუძური ქალი
- +

21 თებერვალი. 2020. 18:07

 

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით განისაზღვრა სამუშაოები, რომლებითაც დამსაქმებელმა ორსული ან ახალნამშობიარები ქალი, ასევე, მეძუძური დედა არ უნდა დაასაქმოს.

 

საუბარია დამსაქმებლის ვალდებულებაზე, თუ რა სახის საქმიანობებს უნდა აარიდოს ქალები ორსულობის ან ბავშვის გაჩენის შემთხვევაში. ეს სამუშაოები დაკავშირებულია ფიზიკურ და შრომით დატვირთვასთან, ქიმიურ და ბიოლოგიურ აგენტებთან, ფიზიკურ, ასევე, ფსიქოსოციალური და პროფესიული სტრესის გამომწვევ ფაქტორებთან.

 

იმას, რომ დამსაქმებელმა არ უნდა დაასაქმოს ორსული და მეძუძური ქალები ისეთ სამუშაოზე, რომელიც დედის ან ბავშვის ჯანმრთელობისათვის საზიანოა ან/და განსაკუთრებული რისკის შემცველია, საქართველოს კანონმდებლობა 2018 წლიდან ითვალისწინებს. თუმცა, შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონის მიხედვით, შესაბამისი სამუშაოების ჩამონათვალი სპეციალისტებთან კონსულტაციის შედეგად უნდა განსაზღვრულიყო.

 

ჯანდაცვის მინისტრის 14 თებერვლის ბრძანების მიხედვით, ორსული, ახალნამშობიარები და მეძუძური ქალების ჯანმრთელობისთვის მავნე ან/და განსაკუთრებული რისკის შემცველი სამუშაოები შეიძლება იყოს:

 

ფიზიკურ დატვირთვასთან დაკავშირებული სამუშაოები, კერძოდ, ტვირთის გადატანა

 

ამ მუხლის მიხედვით, ორსულობის 27-ე კვირამდე მძიმედ და საშიშად ითვლება რეგულარულად 5 კგ-ზე მეტი წონის მქონე ტვირთის გადატანა ან, ცალკეულ შემთხვევებში (არარეგულარულად), 10 კგ-ზე მეტი წონის მქონე ტვირთის გადატანა, ასევე ტვირთის ამწევი სხვა მოწყობილობების გამოყენება, რომლებიც შეესაბამება 5კგ-ზე ან 10 კგ-ზე მეტი წონის ტვირთის აწევასა და გადატანას. ამასთან, ორსულობის 27-ე კვირიდან დაუშვებელია ორსული ქალებისათვის სამსახურში ნებისმიერი წონის ტვირთის გადატანა.

 

შრომით დატვირთვასთან დაკავშირებული სამუშაოები

 

ორსულობისას და მშობიარობიდან 16 კვირამდე ჯანდაცვის სამინისტრომ მძიმედ და საშიშად მიიჩნია საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია ხშირ მოუხერხებელ მოძრაობებთან და პოზებთან. ამასთან, ორსულობის დადგენის დღიდან, აკრძალულია ქალს დაავალონ სამსახურში ისეთი საქმის შესრულება, რომელსაც სჭირდება ვერტიკალურ კიბეზე ან ბოძზე ასვლა/ჩამოსვლა.

 

გარდა ამისა, ორსული, ახალნამშობიარები და მეძუძური ქალებისათვის აკრძალულია ღამის სამუშაოების შესრულება, მუშაობა ცვლებში რეგულარული ცვლიანობის უკუროტაციის სისტემით (ღამის ცვლა, გვიანი ცვლა და ადრიანი ცვლა) ან ერთმანეთის მომდევნო ცვლებში მუშაობა. სამინისტროს რეკომენდაციაა, დამსაქმებელმა ღამის სამუშაოზე დასაქმებული ორსული, ახალნამშობიარევი და მეძუძური ქალი გადაიყვანოს დღის სამუშაოზე. თუ ეს შეუძლებელია, გაათავისუფლოს დასაქმებული თავისი მოვალეობის შესრულებისგან დროებით, რამდენიც საჭიროა მისი ან ნაყოფის/ბავშვის ჯანმრთელობის უსაფრთხოებისათვის.

 

რეკომენდებულია ასევე დამსაქმებელმა ჯანმრთელობისთვის რისკის შემცველ სამუშაოებზე დასაქმებული ორსულ, ახალნამშობიარებ და მეძუძურ ქალს დამსაქმებელმა ამ პერიოდში შეუცვალოს მუშაობის პირობები ან საათები, ან შესთავაზოს მას ალტერნატიული სამუშაო, თუ ეს შეუძლებელია, გაათავისუფლოს დასაქმებული თავისი მოვალეობის შესრულებისაგან დროებით, რამდენიც საჭიროა მისი ან ნაყოფის/ბავშვის ჯანმრთელობის დაცვისთვის.

 

ორსული ქალების სამუშაო ადგილი

 

მინისტრის ბრძანებით განისაზღვრა, როგორი უნდა იყოს სამუშაო ადგილი ორსული ქალებისთვის. დოკუმენტში წერია, რომ ისინი უნდა მუშაობდნენ თავისუფალ რეჟიმსა და პოზაში, რაც იძლევა სურვილისამებრ მდგომარეობის შეცვლის შესაძლებლობას. დაუშვებელია მუდმივად „მჯდომარე“/„მდგომარე“ პოზაში მუშაობა ან მუდმივად სიარული.

 

გარდა ამისა, ბრძანებაში მითითებულია, რომ ორსული ქალის სამუშაო ადგილას უნდა იყოს სპეციალური მბრუნავი სკამი, რომლის საზურგე, სახელური, დასაჯდომი, თავის მისაყუდებელი და ა.შ., რეგულირდება ინდივიდუალურად.

 

დოკუმენტით ასევე განსაზღვრულია, რომ ორსული ქალის სამუშაო მაგიდას თუ საწარმოო აღჭურვილობას უნდა ჰქონდეს სივრცე ფეხებისთვის. ამასთან, მაგიდის ზედაპირს უნდა ჰქონდეს მომრგვალებული კუთხეები.

 

ქიმიურ ნივთიერებებთან და ბიოლოგიურ ტოქსინებთან დაკავშირებული სამუშაოები

 

მინისტრის ბრძანების მიხედვით, სამუშაო ადგილებზე არ უნდა იყოს ქიმიური ნივთიერებების დასაშვებზე მეტი კონცენტრაციები. ასევე, ჩამოთვლილია კონკრეტული ნივთიერებები და ნარევები, ასევე, საშიში ბიოლოგიური აგენტები, რომლებთან მუშაობაც სარისკოა ორსული, ახალნამშობიარები და მეძუძური ქალებისთვის.

 

ჯანმრთელობისთვის მავნე და საშიში ფიზიკური ფაქტორები

 

მინისტრის ბრძანებით ასევე განისაზღვრა სამუშაოები, რომლებიც უკავშირდება ორსული, ახალნამშობიარები და მეძუძური ქალების ჯანმრთელობისათვის მავნე და საშიშ ფიზიკურ ფაქტორებს. მათ შორის არის ხმაური, ვიბრაცია, მაიონებელი, არამაიონებელი გამოსხივება, ელექტრომაგნიტური გამოსხივება, ატმოსფერული წნევა, ტემპერატურა, განათებულობა და ა.შ.

 

დოკუმენტის მიხედვით, დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულის ორსულობის შესახებ ინფორმაციის მიღების დღიდან შეაფასოს საწარმოში არსებული რისკები და აცნობოს ქალს.

 

ფსიქოსოციალური და პროფესიული სტრესის გამომწვევი ფაქტორები

 

გარდა ამისა, განისაზღვრა ფსიქოსოციალური და პროფესიული სტრესის გამომწვევი ფაქტორებიც. მათ შორის არის გონებრივი და ფიზიკური დაღლილობა, მუშაობის და დასვენების რეჟიმი, სამუშაოს შესრულებისას საწარმოო უბანზე მარტო ყოფნა, სამუშაო პირობები, სამუშაოსთან დაკავშირებული გადაადგილება სამუშაო ადგილზე ან სამუშაო ადგილიდან გარეთ, კოლექტიური და ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, სამუშაოსთან დაკავშირებული შევიწროება.

 

გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინფორმაციით, ორსული, ახალნამშობიარები და მეძუძური ქალებისთვის სარისკო სამუშაოების განსაზღვრაზე ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად სწორედ ისინი მუშაობდნენ. UN WOMEN-ში ამბობენ, რომ პროცესში ჩართული იყო შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ჟენევის ოფისის შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი იუკა უჯიტა, განსაკუთრებული რისკის შემცველი სამუშაოების განსაზღვრაზე კი გაეროს ქალთა ორგანიზაციის კონსულტანტები და პროფესიული დაავადებების სპეციალისტები - ექიმი ნანა ხატიაშვილი და ჰიგიენისტი მანანა ჟურული მუშაობდნენ.

 

გაერო-ს ქალთა ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ შრომის ინსპექციასთან თანამშრომლობას გააგრძელებენ და ბრძანების აღსრულების მონიტორინგის მიმართულებით შრომის ინსპექტორებს გადაამზადებენ. მინისტრის ბრძანების აღსრულება სწორედ მათ ევალებათ.

 

ჯანდაცვის მინისტრის ბრძანება უკვე ძალაშია. ის გამოქვეყნებისთანავე, 14 თებერვლიდან ამოქმედდა. სამუშაოების, ქიმიური და ბიოლოგიური ნივთიერებების, ასევე, სხვა ფაქტორების დეტალური ჩამონათვალი იხილეთ დანართის სახით.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner